დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.12.2003
საქმის ნომერი
ას-484-1159-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.12.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-484-1159-03 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: სამკვიდროს გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ა-მა სარჩელით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. გ-ოს და მესამე პირის მ. ხ-ას მიმართ და მიუთითა, რომ თბილისში, ... მისი მშობლების მიერ აშენებული ლიტერ “ა” სახლი, როგორც უნებართვო ნაგებობა, აღრიცხული იყო მისი მამის სახელზე.

ზ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა აწ გარდაცვლილი მშობლების სამკვიდრო ქონების მისაღებად გაშვებული ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა და მისი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის, საკუთრების უფლების ცნობა ზემოანიშნული სახლთმფლობელობის ლიტერ “ა” და ამავე ეზოში ... მდებარე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მესამე პირებმა, გ. ა-მა და მ. ხ-ამ, მათ მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

2003წ. 10 ივნისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო, იმ მოტივით, რომ სსკ-ს 364-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის შეტანის უფლება აქვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირს.

კონკრეტულ შემთხვევაში გ. ა-ი და მ. ხ-ა საქმეში არიან მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე და ამდენად, მათ არ ჰქონდათ უფლება გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სააპელაციო წესით.

აღნიშნულზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი. მათ განმარტეს, რომ გ. ა-სა და მ. ხ-ას ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ დამოუკიდებელი მოთხოვნა, ისინი არიან რეალური მემკვიდრეები, მიღებული აქვთ კიდეც სამკვიდრო და ითხოვენ ამ ფაქტის დადასტურებას. ამასთან მესამე პირი, გ. ა-ვი, კანონის თანახმად, პროცესზე საერთოდ არ მოუწვევიათ.

თბილისის საოლქო სასამართლომ 2003წ. 25 ივლისის განჩინებით გ. ა-ისა და მ. ხ-ას კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ზ. ა-ა-ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. გ-ოს (მოსარჩელის და) და მესამე პირის, მ. ხ-ას, მიმართ სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაგრძელებისა და საკუთრების უფლების ცნობის შესახებ. სადავო სახლმფლობელობა მდებარეობს ... თბილისში.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა ზ. ა-ის მიერ აწ გარდაცვლილი მშობლების, მათ შორის მამის, მ. ა. ო., სახელზე რიცხული დანაშთი ქონების, თბილისი, ... მდებარე სახლის ლიტ. “ა” და ამავე ეზოში მდებარე ორი დამხმარე ნაგებობის ერთი მეორედი ნაწილის მიღება და აღნიშნულ სამკვიდროზე ცნობილ იქნა მისი, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის საკუთრების უფლება.

თვით მოსარჩელე ზ. ა-ი – ა-ამ კასატორი მ. ხ-ა სარჩელში მიუთითა მესამე პირად მოპასუხის მხარეზე. მ. ხ-ას მეუღლემ გ. ა-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოპასუხის მხარეზე, იმ მოტივით, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მის უფლებებზე.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ სსკ-ს 89-ე, 90-ე მუხლების შესაბამისად, მ. ხ-ა და გ. ა-ი საქმის განხილვაში დაუშვეს მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ მათ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ დამოუკიდებელი მოთხოვნა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ რეალური მემკვიდრეები არიან და მიღებული აქვთ კიდეც სამკვიდრო, ვინაიდან სსკ-ს 88-ე მუხლის შესაბამისად, მათ არ ჰქონიათ წარდგენილი სარჩელი, რომლითაც განაცხადებდნენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე.

სსკ-ს 364-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ.

ვინაიდან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებს არა აქვთ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების უფლება, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად უთხრა უარი მ. ხ-ასა და გ. ა-ვს საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ხ-ასა და გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისისა და 2003წ. 25 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.