გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 06.07.2004
საქმის ნომერი
ას-521-801-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-521-801-04 6 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 26 სექტემბერს ნ. შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ლ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 3870 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2002წ. 1 მაისს მათ შორის გაფორმდა 1650 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ქ. თბილისში, ...... კორპუსში მდებარე ე. ლ-ის კუთვნილი ბინა. სესხი ე. ლ-ეს უნდა დაებრუნებინა სამ თვეში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა ძირითადი ვალის _ 1650 აშშ დოლარის, სამი თვის პროცენტის _ 74,25 აშშ დოლარის, ასევე ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებისათვის საურავი 5 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ _ 3870,25 აშშ დოლარის მოპასუხისათის გადახდის დაკისრება.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე ე. ლ-ეს დაეკისრა მოსარჩელე ნ. შ-ის სასარგებლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის _ 1650 აშშ დოლარის, სამი თვის პროცენტის _ 74,25 აშშ დოლარის, საურავის _ 2146 აშშ დოლარის, სულ 3870,25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, აუქციონის წესით, განისაზღვრა ქ. თბილისში, ...... კორპუსში მდებარე, იპოთეკით დატვირთული, ე. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ¹4 ბინის რეალიზაცია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე. ლ-ემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, არ იქნა მიღებული განსახილველად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე ე. ლ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 121-ე, 122-ე და 127-ე მუხლები ვადების გამოთვლისა და განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლების თანახმად, ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2004წ. 13 თებერვალს ანუ განჩინების ჩაბარების მეორე დღიდან. გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, სკ-ის 127-ე მუხლის მიხედვით, გადიოდა ორშაბათს, 2004წ. 15 მარტს. ამდენად, მას სრული უფლება ჰქონდა, 15 მარტს გაესაჩივრებინა 2004წ. 12 თებერვალს ჩაბარებული გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 იანვრის გადაწყვეტილების ასლი აპელანტმა ე. ლ-ემ ჩაიბარა 2004წ. 12 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი შეიტანა 2004წ. 15 მარტს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა და განსახილველად მიღება საპროცესო მოქმედებებია, რომელთა მოსაწესრიგებლად, შესაბამისად, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. ამის შესახებ აღნიშნულია სსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

ამდენად, სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად უნდა გამოყენებულ იქნეს სსკ-ის შესაბამისი ნორმები.

სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, თვეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოთ მოყვანილი მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვინაიდან ე. ლ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 12 თებერვალს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან ანუ 13 თებერვალს და გავიდა 13 მარტს. 13 მარტი, 2004წ. კალენდრის მიხედვით, არის შაბათი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დამთავრების დღედ მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მომდევნო პირველი სამუშაო დღე _ 15 მარტი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტ ე. ლ-ეს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 აპრილისა და 4 მაისის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.