დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-528-911-06 11 დეკემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. წ-ძეს სს «... ქარხანასთან» 2001წ. 1 ივნისიდან გაფორმებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება ¹94, რომლითაც მისი ხელფასი განსაზღვრული იყო თვეში 110 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2005წ. 2 ივლისს. ამ დროისათვის საწარმოს ლ.წ-ძის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება _ 306,19 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სს «... ქარხნის» დირექტორის 2004წ. 16 დეკემბრის ¹ 02/305 ბრძანებით იგი გაშვებულია უხელფასო შვებულებაში 2005წ. 25 იანვრამდე, 2005წ. 19 იანვრის ¹02/14 ბრძანებით იგი ისევ რჩება უხელფასო შვებულებაში 21 თებერვლამდე და 2005წ. 14 თებერვლის ¹02/40 ბრძანებით განუსაზღვრელი ვადით არის უხელფასო შვებულებაში შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ე.ი. 2005წ. 2 ივლისამდე.
ლ. წ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «... ქარხნის» მიმართ და მოითხოვა სახელფასო და საშვებულებო დავალიანების ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს «... ქარხანას» ლ. წ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 306.19 ლარის და იძულებითი განაცდურის _ 581 ლარის, სულ _ 887.19 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «... ქარხნის» დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ.პ-ინმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის განჩინებით სს «... ქარხნის» დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ.პ-ინის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სსკ-ის 365-ე მუხლით სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს ღირებულებაა 581 ლარი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «... ქარხნის» დირექტორმა დ.ბაკურაძემ. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით საზოგადოებას არასწორად დაეკისრა ლ. წ-ძის სასარგებლოდ თანხის გადახდა, ვინაიდან ამ საზოგადოების აქციათა 91,4% ეკუთვნის სახელმწიფოს; ლ.წ-ძეს არც სააქციო საზოგადოებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით და არც შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლით არ ეკუთვნოდა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, ვინაიდან ამ დროისათვის ლ.წ-ძეს არ უმუშავია, რამდენადაც საზოგადოებას ყადაღა ჰქონდა დადებული როგორც მოძრავ, ისე _ უძრავ ქონებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, სს «... ქარხნის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. წ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს «... ქარხანას» ლ. წ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 306.19 ლარის და იძულებითი განაცდურის 581 ლარის, სულ _ 887.19 ლარის გადახდა.
სს «... ქარხნის» დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მ.პ-ინმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ ლ. წ-ძისათვის 581 ლარის დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის განჩინებით სს «... ქარხნის» დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ.პ-ინის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 365-ე მუხლით, რომლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოლეგიის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს «... ქარხნის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.