გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-532-873-05 19 ივლისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. გ.-მ სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ქ. ი.-ას მიმართ და როგორც აწ გარდაცვლილი ნ.ი.-ის მეუღლემ მოითხოვა თბილისში, ... და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... ნ.ი.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლების 1/2-ზე თანამესაკუთრედ ცნობა, ხოლო როგორც ნ.ი.-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, მოითხოვა აღნიშნული ბინებიდან სავალდებულო წილის სახით ¼-ზე მესაკუთრედ ცნობა, ანუ სულ თითოეული ბინის 5/8-ის მესაკუთრედ ცნობა.
ქ. ი.-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა დ.გ.-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა;
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. იგი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე აწ გარდაცვლილი ნ.ი.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ, თითოეულზე ¼-ის უფლებით. დანარჩენ ნაწილში დ.გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქ.ი.-ს შეგებებულ სარჩელს დ. გ.-ის მიმართ უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც დ.გ.-მ ისე ქ.ი.-მ;
სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა დ.გ.-ი და მისი წარმომადგენელი; მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მოითხოვა, დ.გ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შესაბამისად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება დ.გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. ი.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება დ.გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ.გ.-ის სარჩელს ეთქვა უარი.
დ. გ.-ის რწმუნებულმა პ. ლ.-მ, ნ. გ.-მ და დ. გ.-მ 2005წ. 24 თებერვალს საჩივარი შეიტანეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აპელანტ დ.გ.-ის წარმომადგენელი ნ. გ.-ე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინებით დ. გ.-ის წარმომადგენლის პ.ლ.-ის საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისივე 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ადრესატამდე მიტანილ იქნა 2005წ. 20 იანვარს, მაგრამ ვერ ჩაბარდა „იმის გამო, რომ დ. გ.-ს შეცვლილი აქვს საცხოვრებელი ადგილი და მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს უკვე სამი წელია”. ვინაიდან აპელანტს სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად არ უცნობებია სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას განჩინება 2005წ. 20 იანვარს ჩაბარებულად უნდა ჩაეთვალოს. ხოლო რადგან საჩივარი 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2005წ. 24 თებერვალს იქნა შეტანილი პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ გაუშვა საჩივრის შეტანის 10 დღიანი ვადა, რის გამოც იგი განუხილველად დატოვა.
დ. გ.-მა და მისმა წარმომადგენელმა პ.ლ.-მ და ნ. გ.-მ კერძო საჩივარი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება და საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის არა 76-ე მუხლით, არამედ 74-ე მუხლის მოთხოვნებით. დ.გ.-ს არ შეუცვლია მისამართი, იგი დღესაც ... რეგისტრირებული, არა მუდმივად, არამედ დროებით გახლდათ წასული საფრანგეთში;
სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო 2005წ. 18 იანვრის დათარიღებული გადაწყვეტილება გადაეგზავნა დ.გ.-ის წარმომადგენლის ნ.გ.-ისთვისაც. მითუმეტეს, რომ დ.გ.-ი საქმის წარმოებაში უშუალოდ არ იღებდა მონაწილეობას, მის ინტერესებს წარმოადგენდნენ წარმომადგენლები.
ეჭვს იწვევს თვით 2005წ. 20 იანვრის აქტის ნამდვილობა. მასში არ არის მითითებული თუ ვისი განცხადების საფუძველზე დადგინა მითითებულ მისამართზე ი.-ების ცხოვრების ფაქტი და ვინ განაცხადა უარი (მაშინ როცა ი.-ები ცხოვრობენ სახლის მეორე სართულზე, ხოლო პირველ სართულზე ცხოვრობს კ.-ი) უწყების მიღებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. ქ.ი.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება დ. გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ.გ.-ის სარჩელს ეთქვა უარი.
დაუსწრებელ გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა დ. გ.-ს 2005წ. 20 იანვარს, მაგრამ საქმის მასალებში ამავე თარიღით წარმოდგენილი თბილისის საოლქო სასამართლოს ექსპედიციის სპეციალისტის აქტის მიხედვით მას ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე, ვინაიდან აღნიშნულ მისამართზე დ.გ.-ი არ ცხოვრობს უკვე სამი წელია.
დ. გ.-მა და მისმა წარმომადგენლებმა პ. ლ.-მ და ნ. გ.-მ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საოლქო სასამართლოში წარადგინეს 2005წ. 24 თებერვალს.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 2 მარტის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ გაშვებულია დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის 10 დღიანი ვადა.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არ გამოიყენა სსკ-ის 74-ე მუხლის მეორე ნაწილი და გამოიყენა ამავე კოდექსის 76-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს;
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორთა მიერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე დ. გ.-ი დროებით წასულია თავისი საცხოვრებელი ადგილიდან; საქმის მასალებში წარმოდგენილი საბინაო წიგნის მიხედვით დ. გ.-ი, მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე, თბილისში ... რეგისტრირებული იყო 1998წ. 11 მარტიდან 2003წ. 11 მარტამდე. დ.გორგობიანის 2005წ. 18 იანვარს გაცემული მინდობილობებით, დგინდება რომ იგი საფრანგეთის მოქალაქეა და ცხოვრობს საფრანგეთში. საქმის მასალებში არსებული თბილისის საოლქო სასამართლოს ექსპედიციის სპეციალისტის 2005წ. 20 იანვრის აქტით თბილისში, ... დ.გ.-ი არ ცხოვრობს, სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 ივნისისა და 30 სექტემბრის სხდომებზე მოწვევის უწყებებში, რომელიც ქ.გ.-ის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე გაიგზავნა აღნიშნულია, რომ იგი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.
ზემოთმოყვანილი გარემოებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ დ. გ.-ი არ ცხოვრობდა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და დროებით კი არ იყო წასული სხვაგან, არამედ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი; ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, მიიჩნია რა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი დ.გ.-ისათვის ჩაბარებულად 2005წ. 20 იანვარს სწორია;
ამასთან საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა უშუალოდ და მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით; სასამართლოსათვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ დ.გ.-ი არ გამოცხადებულა არცერთ სასამართლო სხდომაზე, უფრო მეტიც 2004წ. 24 ივნისს და 30 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე მოწვევის უწყებებზე მითითებულია, რომ იგი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე 29 ოქტომბრისა და 19 ნოემბრის სასამართლო სხდომების შესახებ იგი არ გაფრთხილებულა ხოლო 24 დეკემბრისა და 2005წ. 18 იანვრის სხდომების შესახებ სასამართლო უწყებები მასზე გადასაცემად მიიღეს მისმა წარმომადგენლებმა შესაბამისად პ. ლ.-მ და ნ. გ.-მ.
პალატა სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, წარმომადგენლისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუგზავნლობის თოაბაზე იმ საფუძვლით, რომ დ.გ.-ის წარმომადგენელს ნ. გ.-ს წარმომადგენლის უფლებამოსილება დაუმთავრდა 2005წ. 24 იანვარს, ხოლო პ. ლ.-ს _ 2004წ. ნოემბერში, საქმის მასალებით თვით დ.გ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი 20 იანვარს გაეგზავნა, ამ დროს ნ. გ.-ისათვის მიცემული მინდობილობა, რომლითაც მას უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება, ძალაში იყო; სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენლის შეუტყობინებლობა, მხარეს, იმ შემთხვევაში, როცა იგი საქმეს წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებს, უსპობს წარმომადგენლისათვის მინდობილობით მინიჭებული უმნიშვნელოვანესი უფლების _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გამოყენების შესაძლებლობას.
გამომდინარე აღნიშნულიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თაობაზე უნდა ეცნობებინა საქმის განხილვაში მონაწილე წარმომადგენლისათვის სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რაც არ ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 235-ე მუხლის დანაწესს.
საქმის მასალების მიხედვით დ.გ.-ის წარმომადგენელმა პ.ლ.-მ გასაჩივრებული განჩინების ასლი 2005წ. 15 თებერვალს ჩაიბარა, ხოლო საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2005წ. 24 თებერვალს იქნა შეტანილი. ე.ი. მხარეს გასაჩივრების 10 დღიანი ვადა არ დაურღვევია და საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ.-ის, პ. ლ.-ის და ნ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2 მარტისა და 19 აპრილის განჩინებები და საქმე სააპელაციო პალატის 2005წ. 18 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.