დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.12.2006
საქმის ნომერი
ას-604-986-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-604-986-06 14 დეკემბერი,Y2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილიY(თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-შვილს 2005წ. 31 მაისს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ნ. ს-კმა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც მან სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ს-კის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის 10 000 ლარის, მორალური ზიანის 10 000 ლარისა და ყოველთვიური სარჩოსY100 ლარის დაკისრება მდგომარეობის შეცვლამდე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. ს-კს მ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის მიყენებისათვის 5000 ლარი და მორალური ზიანისთვის 7000 ლარი; მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს გადახდაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ნ. ს-კის წარმომადგენელმა ჟ.გ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 18 მაისის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 ივნისის განჩინებით ნ. ს-კის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 17 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2006წ. 24 მაისს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ს-კის წარმომადგენელმა ჟ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 18 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი თვითონ არ ჩაბარებია, შესაბამისად მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რამაც გამოიწვია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 25 ივლისის განჩინებით ნ. ს-კის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 ივნისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შენაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 ივნისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 18 მაისის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

ზემოაღნიშნული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა აპელანტს, რაც 2006წ. 24 მაისს ჩაბარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 ივნისის განჩინებით ნ. ს-კის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 17 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს შეეძლო საქმეში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2006წ. 5 ივნისის ჩათვლით, მაგრამ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. სააპელაციო პალატის მიერ ასევე სწორად იქნა გამოყენებული სსკ-ის 63-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის 2006წ. 18 მაისის განჩიება ხარვეზის შესახებ ნ.ს-კს არ ჩაბარებია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის პირადად ჩაბარების გრაფაზე არის ხელმოწერა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ს-კის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ I ნ ა :

ნ. ს-კის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 ივნისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება