გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-666-1043-06 18 დეკემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ-ოვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ბ-ოვას მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ბოლნისის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე არის ნ.ბ-ოვის ძმის ყოფილი მეუღლე, რომელიც თვითნებურად შეიჭრა მის კუთვნილ სახლში და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა და ე. ბ-ოვა სადავო სახლიდან გამოსახლდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2006წ. 15 აგვისტოს ე. ბ-ოვამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 სექტემბრის განჩინებით ე.ბ-ოვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ე. ბ-ოვას ჩაჰბარდა 2006წ. 17 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი მან შეიტანა 2006წ. 15 აგვისტოს. ამდენად, აპელანტმა სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა დაარღვია, რაც, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, ე.ბ-ოვას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ბ-ოვამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: აპელანტს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი არ ჩაბარებია, ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ე.ბ-ოვამ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ე. ბ-ოვას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ლოვის სარჩელი ე. ბ-ოვას მიმართ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლის თანახმად რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ბ-ოვმა მიიღო 2006წ. 17 ივლისს, თუმცა აღნიშნული ხელწერილით გადაწყვეტილების მიმღები პირის სახელი არ ირკვევა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2006წ. 15 აგვისტოს ე. ბ-ოვამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 სექტემბრის განჩინებით ე.ბ-ოვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აპელანტ ე. ბ-ოვას მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევის შესახებ, ვინაიდან, სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში ე. ბ-ოვასათვის ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006წ. 10 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, ხოლო რაც შეეხება ზემოხსენებულ ხელწერილს, აღნიშნული დოკუმენტით მისი ხელისმომწერი პირის ვინაობა ვერ დგინდება და იგი აპელანტისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება.
ამდენად, საფუძვლიანია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა 2006წ. 17 ივლისიდან არასწორად აითვალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლები, როდესაც ე. ბ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ე. ბ-ოვას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-ოვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 სექტემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ე. ბ-ოვას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.