დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-705-1346-03 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. გ-ესა და გ. კ-ეს შორის 1999წ. 31 დეკემბრით დათარიღებული ხელშეკრულება, ლ. თ-ის სახელზე რიცხული სახლის ნაწილის ნასყიდობის შესახებ მდებარე ქ. ქუთაისში, ... ცნობილი იქნა ბათილად და სახლი აღირიცხა ლ. თ-ის სახელზე. გ. კ-ე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლის ნაწილიდან, რომელიც ირიცხებოდა ლ. თ-ის სახელზე და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ლ. თ-ეს და ბ. თ-ეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-ემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თხელიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. თ-ემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით ლ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილება.
შ. თ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსის დადგენილებით დასტურდება, რომ ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა ზ. ს-ემ 1994წ. 31 იანვარს ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, არ შეამოწმა ლ. თ-ის საბინაო პირობები. ზ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედება სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, მაშინ სასამართლო გამოიტანდა შ. თ-ისა და მისი დედისათვის (ლ. თ-ე) სასარგებლო გადაწყვეტილებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინებით შ. თ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიიჩნიეს დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ შ. თ-ე საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. თ-ემ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ იგი არის უფლებამოსილი დაინტერესებული მხარე და საქმეში ჩართული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ლ. თ-ის მხარეზე. ამასთან, დადგენილია ძელქვიანის მუნიციპალიტეტის .... ...., ზ. ს-ის, დანაშაულებრივი ქმედება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შ. თ-ის კერძო საჩივარი. სასამართლომ ჩათვალა, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 სექტემბრისა და 21 ოქტომბრის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 29 სექტემბრის განჩინებით შ. თ-ის განცხადება, საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიიჩნია დაუშვებლად და დატოვა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ შ. თ-ე საქმის განხილვის დროს პროცესში მონაწილეობდა როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, იგი არ ყოფილა მხარე. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კი აქვთ მხოლოდ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. თ-ემ. კერძო საჩივრის განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 21 ოქტომბერს მიიღო განჩინება, რომლითაც არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რადგან შ. თ-ე საქმეში მონაწილეობდა მესამე პირად დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, იგი უფლებამოსილი არ არის შეიტანოს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. სსკ-ს 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საკითხი თუ ვინ შეიძლება შეიტანოს ასეთი განცხადება დაკონკრეტებულია აღნიშნული მუხლის “ე” და “ვ” პუნქტებში, სადაც მოხსენიებულია, რომ მხარემ უნდა წარადგინოს სასამართლოში ახლად აღმოჩენილი გარემოება. გარდა ამისა, სსკ-ს 425-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს. შ. თ-ე არც ერთ ზემოაღნიშნულ კატეგორიას არ განეკუთვნება, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა მისი განცხადება დაუშვებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრისა და 21 ოქტომბრის განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.