გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 26.02.2004
საქმის ნომერი
ას-712-1352-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-712-1352-03 26 თებერვალი, 2004 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ფართის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე დაბა ......-ში მდებარე ¹18 აგარაკის 4 ბინის მესაკუთრეა ლ. კ-ე. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე აგარაკის 3 ბინა საკუთრებაში გადაეცა ც. ხ-ას. ც. ხ-ამ 1999წ. 11 აგვისტოს კუთვნილი აგარაკი მიჰყიდა მ. მ-ს.

ლ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ. მ-ის, ც. ხ-ას და გარდაბნის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და მოითხოვა დაბა ......-ში, ¹18 აგარაკის ¹4 ბინის კუთვნილი ფართის გამოთხოვა მ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლ. კ-ეს დაუბრუნდა დაბა ......-ში მდებარე ¹18 აგარაკის მე-4 ბინის 22.64 კვ.მ შუშაბანდი. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი: ნაწილობრივ გაუქმდა მოცემულ საქმეზე გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილება ლ. კ-ისათვის დაბა ......-ში მდებარე ¹18 აგარაკის ¹4 ბინის 22.64 კვ.მ შუშაბანდის ფართის დაბრუნების ნაწილში. ლ. კ-ეს უარი ეთქვა დაბა ......-ში მდებარე ¹18 აგარაკის ¹4 ბინის შუშაბანდიდან 6 კვ.მ-ის გამოთხოვაზე უსაფუძვლობის გამო.

ლ. კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა მ. მ-ი, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.

მ. მ-მა 2003წ. 25 აგვისტოს საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება. მან საჩივარში მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის სხდომის შესახებ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლომ მას შეტყობინება არ გაუგზავნა იმ მისამართზე, რომელიც მითითებული აქვს შესაგებელში. მისთვის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2003წ. 21 აგვისტოს, სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შემდეგ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო,M სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მ. მ-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზეც და მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მისამართზე (ქ. თბილისი, .....), მაგრამ საოლქო სასამართლოში დაბრუნებულ გზავნილზე მითითებულია, რომ ბინა დაკეტილია და ამ მისამართზე მ. მ-ი არ ცხოვრობს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. მ-მა დაარღვია სსკ-ის 76-ე მუხლის მოთხოვნა – არ აცნობა სასამართლოს თავისი მისამართის შეცვლის შესახებ, რის გამოც მან ასევე დაარღვია იმავე კოდექსის 237-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.

მ. მ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას არ შეუცვლია მისამართი, სააპელაციო სასამართლომ არასწორ მისამართზე გაუგზავნა შეტყობინებები და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, მას არასდროს უცხოვრია ქ. თბილისში, ...... დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა მხოლოდ 2003წ. 25 აგვისტოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინებაში მითითებულია, რომ მ. მ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეტანილ საჩივარსა და კერძო საჩივარში მიუთითა ახალი მისამართი – ქ. თბილისი, ....., რომლის შეცვლის თაობაზე მას არ უცნობებია სასამართლოსათვის, რის გამოც მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .....) გაგზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად ითვლება და იგი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ჩაბარების თარიღიდან 10 დღეში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის სხდომის შესახებ მას შეტყობინება გაეგზავნა შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ...... ამ შეტყობინების პასუხში მითითებულია, რომ ამ ბინაში მ. მ-ი არ ცხოვრობს.

სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მ. მ-ს გაეგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე. გზავნილზე აღნიშნულია, რომ მ. მ-ი არ ცხოვრობს ამ მისამართზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, მ. მ-მა ბინის ახალი მისამართი – ქ. თბილისი, ..... მიუთითა მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე შეტანილ საჩივარსა და კერძო საჩივარში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-მა თავისი ბინის მისამართი – ქ. თბილისი, ..... მიუთითა 2000წ. 24 მარტს რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად გამოიყენა სსკ-ის 76-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ გაგზავნილ მისამართზე მ. მ-ს არასდროს უცხოვრია, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. მ-ს არ დაურღვევია სსკ-ის 237-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა მ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 სექტემბრის და 2003წ. 14 ოქტომბრის განჩინებები გაუქმდეს და მ. მ-ის საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.