დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-76-523-06 27 აპრილი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის თელავის ფილიალის მმართველმა ლ. ბ-ელმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს ნ. ბ-შვილის მიმართ ხელშეკრულების საფუძველზე ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ. სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისრა 2459 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსმგფ-ს თელავის ფილიალის მმართველმა ლ. ბ-ელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. მითითებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2005წ. 28 ოქტომბერს. 2005წ. 15 ნოემბერს აპელანტმა სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვდა 2005წ. 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 17 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად მიიჩინა საჩივარი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო და განუხილველად დატოვა იგი.
აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიღებული განჩინება და მოითხოვა საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.
სააპელაციო სასამართლომ 2006წ. 31 იანვრის განჩინებით უარი უთხრა სსმგფ-ს თელავის ფილიალის მმართველ ლ. ბ-ელს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სსმგფ-ს თელავის ფილიალის მმართველის - ლ. ბ-ელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სსმგფ-ს თელავის ფილიალის მმართველ ლ. ბ-ელს ჩაჰბარდა 2005წ. 28 ოქტომბერს, რაც დასტურდება საფოსტო განყოფილების შეტყობინებით, ხოლო საჩივარი შემოტანილია 2005წ. 15 ნოემბერს, ათდღიანი ვადის დარღვევით _ გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2005წ. 7 ნოემბერი.
საკასაციო სასამრთლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა სოფ. ... საკრებულომ, რადგან აღნიშნული წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ლ. ბ-ელის მოსაზრება, რომ საკრებულომ დაგვიანებით გადასცა მას გადაწყვეტილების ასლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის თელავის ფილიალის მმართველის - ლ. ბ-ელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 17 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.