დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.04.2006
საქმის ნომერი
ას-77-524-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-77-524-06 4 აპრილი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ იჯახის ქირის დავალიანებისა და უძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში _ თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

... სამინისტროს შპს «...» სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ბ-შვილის მიმართ იჯარის ქირის დავალიანებისა და უძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2000წ. 2 იანვარს მხარეთა შორის დაიდო მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის იჯარის ხელშეკრულება ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის პირობით. 2001წ. 31 დეკემბრამდე მოპასუხეს დაუგროვდა 470 ლარის გადაუხდელი დავალიანება. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის, ასევე თავისი კუთვნილი 500 ლარის ღირებულების დიზელის ძრავისა და 480 ლარად შეფასებული ოთხი საბურავის ღირებულების ანაზღაურება.

შ. ბ-შვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელფასო დავალიანების _ 284 ლარის დაკისრება. სასამართლო სხდომაზე მან შეგებებულ სარჩელზე უარი განაცხადა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. ბ-შვილს შპს «... ცენტრის» სასარგებლოდ დაეკისრა 1450 ლარის გადახდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 იანვრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილევლად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ.ბ-შვილს დაეკისრა მოსარჩელისათვის ოთხი საბურავის ღირებულების _ 480 ლარისა და დიზელის ძრავის საფასური _ 200 ლარის გადახდა. შ. ბ-შვილის აღძრულ შეგებებულ სარჩელს 284 ლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება შ.ბ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოწინააღმდეგე მხარისათვის 290 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრის განჩინებით შ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემეობათა გამო: სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 365-ე და 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი დასაშვებ 1000 ლარს არ აღემატება და შეადგენს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველზე შ.ბ-შვილისათვის დაკისრებულ 680 ლარს, ასევე შეგებებული სარჩელზე უარის თქმის გამო გასაჩივრებულ 290 ლარს, სულ _ 960 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე შ. ბ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვდა მისთვის 1450 ლარის დაკისრებას, რასაც ემატება შ.ბ-შვილის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი 290 ლარი და დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1740 ლარს, რაც 1000 ლარს აღემატება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 იანვრის განჩინებით შ.ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შ. ბ-შვილისათვის 680 ლარის დაკისრებისა და შპს «... ცენტრისათვის» 290 ლარის გადახდევინებაზე უარის თქმის ნაწილში. ამდენად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 970 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლომ მოსაზრებას შ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე, 374-ე მუხლები.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა აღნიშნულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება. მართალია, შპს «... ცენტრის» სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 1450 ლარს, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ საბურავის ღირებულების _ 480 ლარისა და დიზელის ძრავის საფასურის _ 200 ლარის გადახდის, სულ _ 680 ლარის ნაწილში. სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილია ზემოხსენებული გადაწყვეტილების სრულ მოცულობაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხისათვის დაკისრებულ 680 ლარს დამატებული შეგებებულ სარჩელის დაუკმაყოფილებელი 290 ლარი, რაც მთლიანად შეადგენს 970 ლარს. მითითებული თანხა კი კანონით დადგენილ ოდენობას არ შეესაბამება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. ბ-შვილის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიულ საფუძველს არ შეიცავს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 28 იანვრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.