დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-793-1159-06 18 დეკემბერი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ს-შვილმა 2005წ. ოქტომბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს «... სამშობიარო სახლის» მიმართ და მოითხოვა შპს «... სამშობიარო სახლის» დირექტორის 2004წ. 31 დეკემბრის ¹31/0 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მასა და შპს «... სამშობიარო სახლს» შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2004წ. 1 ოქტომბერს 6 თვის ვადით, ანუ 2005წ. 31 მარტამდე. სამსახურიდან იგი გაათავისუფლეს, 2005წ. 1 მაისს, ანუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან ერთი თვის შემდეგ. მოსარჩელის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შრომის კანოთა კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით რ. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს «... სამშობიარო სახლის» 2004წ. 31 დეკემბრის 31/0 და 2005წ. 1 მაისის ¹13/0 ბრძანებები და რ. ს-შვილი აღდგენილ იქნა «... სამშობიარო სახლის» ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შპს «... სამშობიარო სახლს» გადახდა რ. ს-შვილის სასარგებლოდ განაცდურის სახით 2005წ. 1 იანვრიდან 2005წ. 1 მაისამდე ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგო 20 ლარი და ხელფასის სხვაობა 85 ლარი და 14 თეთრი, ხოლო 2005წ. 1 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე _ ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგო 20 ლარი და საშუალო თვიური ხელფასი _ 373 ლარი და 24 თეთრი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «შპს ... სამშობიარო სახლის» წარმომადგენელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 ნოემბრის განჩინებით შპს «... სამშობიარო სახლის» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 18 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ, რადგან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე თანახმააა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, შპს «... სამშობიარო სახლის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «... სამშობიარო სახლის» წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2006წ. 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რასთან დაკავშირებითაც სასამართლოს მიმართა განცხადებით და მიუთითა გამოუცხადებლობის საფუძველი, კერძოდ, მისი გამოუცხადებლობა იმით არის გამოწვეული, რომ 2 ნოემბერს ესწრებოდა ბიძის დაკრძალვას ოზურგეთის რაიონში და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «... სამშობიარო სახლის» კერძო საჩივარი დაუშვებელია, რის გამოც განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნით სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 ნოემბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა შპს «... სამშობიარო სახლის» სააპელაციო საჩივარი, საქმეში მითითებულ მისამართზე შპს «... სამშობიარო სახლს» და მის წარმომადგენელ ლ. აბაშმაძეს, 2006წ. 6 ნოემბერს გაეგზავნათ. 2006წ. 10 ნოემბერს ჩაბარდა შპს «... სამშობიარო სახლს», ხოლო 2006წ. 14 ნოემბერს მის წარმომადგენელს ლელა აბაშმაძეს. სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს შპს «... სამშობიარო სახლისათვის» თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 ნოემბრის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან, ანუ 10 ნოემბრიდან. შესაბამისად, მას კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 22 ნოემბრის ჩათვლით; კერძო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2006წ. 27 ნოემბერს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევით. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა და შპს «... სამშობიარო სახლის» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «... სამშობიარო სახლის» კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.