დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 20.10.2005
საქმის ნომერი
ას-801-1067-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-801-1067-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: მესამე პირად ჩაბმა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ.-ისა და ი. ჭ.-ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხე ს. ღ.-ს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ 3766 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, აგრეთვე, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ს.ღ.-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის იძულებითი აუქციონის წესით ბინის გაყიდვით დაიფარებოდა თანხა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე ს. ღ.-მ და მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით ა. ღ.-ემ.

სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე ს. ღ.-ის მეუღლის ნ. ღ.-ის წარმომადგენელმა ნ. ა.-ემ განაცხადა შუამდგომლობა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ. ღ.-ის ჩაბმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იპოთეკის საგანი _ საცხოვრებელი სახლი არის მეუღლეთა თანასაკუთრება, შესაბამისად, მოითხოვა ნ.ღ.-ის სარჩელის წარმოებაში მიღება.

სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით ნ.ა.-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მესამე პირის სარჩელი არის ჩვეულებრივი სარჩელი და მისი მიღება სააპელაციო საჩივრის განხილვის სტადიაზე დაუშვებელია, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ წარმოდგენილი სარჩელი შემოტანილია სსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც, 63-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია. მხარეს შეეძლო აღნიშნული შუამდგომლობის განცხადება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ეს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ღ.-ის წარმომადგენელმა ნ.ა.-ემ. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.

კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 372-ე მუხლი, არასწორად განმარტა 88-ე მუხლი. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არ შეეძლო სარჩელის აღძვრა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2004წ. 16 დეკემბერს, ხოლო ნ. ღ.-ე თანამესაკუთრედ სადავო ბინაზე ცნობილ იქნა 2005წ. 25 იანვრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც გაკეთდა ჩანაწერი საჯარო რეესტრში. ასევე, ნ.ღ.-ის რწმუნება მიიღო 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.

მესამე პირებმა დამოუკიდებელი მოთხოვნით სასამართლოს უნდა მიმართონ სარჩელით. იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს და განიხილოს სარჩელი, ის უნდა აკმაყოფილებდეს სარჩელის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას (სსკ-ის 178-ე მუხლი). მესამე პირის სარჩელის აღძვრა და მიღება წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებითაც გათვალისწინებულია სარჩელების მიღება (სსკ 177-187-ე მუხლები).

მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეუძლიათ, აღძრან სარჩელი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. თუ მესამე პირმა სარჩელი აღძრა მთავარი სხდომის დამთავრების შემდეგ და სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის გაჭიანურების მცდელობაა, მას შეუძლია არ მიიღოს სარჩელი. ასეთ შემთხვევაში მესამე პირს შეუძლია, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი ნებისმიერ დროს და წინა პროცესში მონაწილე ნებისმიერი მხარის მიმართ.

სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები ამოწმებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს სააპელაციო და საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 377-ე და 404-ე მუხლები). აღნიშნული სასამართლოები განიხილავენ საჩივრებს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გამოტანილია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ იქ აღძრულ სარჩელებზე (სსკ-ის 364-ე და 391-ე მუხლები) და არა დამოუკიდებელ სარჩელებს. მესამე პირის სარჩელი დამოუკიდებელი მოთხოვნით არის ჩვეულებრივი სარჩელი და ასეთი სარჩელით სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციაში მიმართვა დაუშვებელია.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ნ. ღ.-ის წარმომადგენელმა დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის სტადიაზე დაუშვებელია სარჩელის მიღება, შესაბამისად, მართებულად დატოვა მისი სარჩელი განუხილველად. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:P

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ღ.-ის წარმომადგენელ ნ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.