დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 22.12.2006
საქმის ნომერი
ას-815-1179-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-815-1179-06 22 დეკემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე მ. ცისკაძე

დავის საგანი: ანაბრის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «... ბანკის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ანაბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს «... ბანკს» ლ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 6251 აშშ დოლარის გადახდა.

პირვალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს «... ბანკის» წარმომადგენელმა მ. ღვინიაშვილმა.

სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ლ. გ-შვილმა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 12 ივნისის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატის 2006წ. 16 ნოემბრის სხდომაზე ლ. გ-შვილმა იშუამდგომლა სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ნოემბრის განჩინებით ლ. გ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს «... ბანკის» წარმომადგენელმა ლ. კ-შვილმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს «... ბანკის» წარმომადგენელი ლ. კ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან კიდევ, ამ განჩინების მხარისათვის გადაგზავნა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ნოემბრის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი, გაეგზავნა სს «გაერთიანებულ ქართულ ბანკს», რომელიც 2006წ. 22 ნოემბერს პირადად ჩაბარდა სს «... ბანკის» უფროსს საქმისმწარმოებელს მ. შ-შვილს; აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «... ბანკის» წარმომადგენელს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 4 დეკემბრის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2006წ. 6 დეკემბერს, ე.ი. კერძო საჩივის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევით. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა, რის გამოც სს «... ბანკის» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «... ბანკის» კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.