დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-859-1136-05 27 იანვარი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: თანხის გადახდევინება (სარჩელში); გარიგების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ა-შვილმა 2004წ. 10 მარტს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბ. ფ-შვილის მიმართ და მოითხოვა 2300 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მან ზემოაღნიშნული თანხა ასესხა მოპასუხეს, რომელიც მისთვის უნდა დაებრუნებინა 2004წ. იანვრამდე, მაგრამ მოპასუხემ თანხა არ დაუბრუნა მოსარჩელეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ბ. ფ-შვილს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2300 აშშ დოლარის გადახდა.
ბ. ფ-შვილმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.
ბ.ფ-შვილმა 2004წ. დეკემბერში შეგებებული სარჩელით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოპასუხე დ. ა-შვილის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან იგი იძულებით იქნა დადებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 10 იანვარს გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ბ. ფ-შვილი. სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ბ. ფ-შვილს დაეკისრა მის სასარგებლოდ 2300 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში; ბ.ფ-შვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბ. ფ-შვილმა 2005წ. 30 მარტის საჩივრით მოითხოვა 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ დღეს ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 27 აპრილის განჩინებით ბ. ფ-შვილის საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად იმის გამო, რომ სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბ. ფ-შვილს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა ფოსტით 2005წ. 28 იანვარს. ხოლო საჩივარი შეიტანა 2005წ. 30 მარტს, რითაც გაუშვა საჩივრის შეტანის 10 დღიანი ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ფ-შვილმა და მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა არა 2005წ. 28 იანვარს, არამედ 2005წ. 23 მარტს. სასამართლოს გზავნილი კი გურჯაანის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2005წ. 22 მარტს. რის დასადასტურებლად წარმოადგინა კონვერტი საფოსტო შტემპით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 6 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ სსკ-ის 237-ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 10 დღეს. ვინაიდან ბ. ფ-შვილმა 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაიბარა 2005წ. 28 იანვარს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინება ¹405. მან გაუშვა საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ კონვერტზე მითითებული თარიღი _ 2005წ. 22 მარტი _ სააპელაციო პალატამ ვერ მიიჩნია სარწმუნოდ და იმის მტკიცებად, რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა სწორედ აღნიშნულ დღეს, რადგან სასამართლოსათვის უცნობია როდის და რა ვითარებაში გაჩნდა კონვერტზე კერძო საჩივარში მითითებული თარიღი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 237–ე მუხლის თანახმად დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. ამ ნორმაში მითითებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. საქმის მასალებით, კერძოდ საფოსტო შეტყობინება ¹405-ით დადგენილია, რომ ბ. ფ-შვილმა პირადად 2005წ. 28 იანვარს ჩაიბარა 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, ხოლო საჩივარი სასამართლოში წარმოადგინა 2005წ. 30 მარტს.
ბ. ფ-შვილმა დაარღვია რა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ათ დღიანი ვადა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებით სწორად იქნა ცნობილი მისი საჩივარი დაუშვებლად. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ბ.ფ-შვილის მიერ წარმოდგენილი კონვერტი საფოსტო შტამპით (22.03.2005) მართებულად არ გაიზიარა იმის მტკიცებულებად, რომ მას 2005წ. 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2005წ. 23 მარტს, რადგან მხოლოდ ამ კონვერტით არ შეიძლება ზემოაღნიშნულის დადასტურება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ფ-შვილის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგან მან ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინებაზე, რის გამოც არ არსებობს ბ. ფ-შვილის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ბ. ფ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 აპრილის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.