გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 10.10.2005
საქმის ნომერი
ას-933-1214-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-933-1214-05 10 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინის ფართის გამონთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ც.-ის სასარჩელო მოთხოვნა. მოპასუხე გ. მ.-ი გამოსახლებულ იქნა თანმხლებ პირებთან ერთად კუთვნილი ნივთებით ქ.თბილისში, ... მდებარე ¹84 ბინიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ.-ის (რომელიც სასჯელს იხდის ¹ ...-ის დაწესებულებაში) წარმომადგენელმა ლ. თ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 364-ე და 369-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ წარმომადგენელ ლ.თ.-ს არ გააჩნდა გ. მ.-ის სახელით სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების უფლებამოსილება. ამასთან, ვინაიდან იუსტიციის სამინისტროს მკაცრი რეჟიმის .-ის დაწესებულების ¹7 კანცელარიის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2005წ. 16 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2005წ. 14 აპრილს, დარღვეულია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. თ.-მ და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა. კერძო საჩივარს ლ.თ.-მ დაურთო გ.მ.-ის მიერ მის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომელიც დამოწმებულია ¹ ...-ის დაწესებულების დირექტორის მოადგილის, იუსტიციის კაპიტან რ.ა.-ის ხელმოწერითა და დაწესებულების შესაბამისი ბეჭდით. აღნიშნული რწმუნებულებით ლ.თ.-ეს მიენიჭა სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული, მათ შორი,ს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება. ლ.თ.-ემ წარმოადგინა ასევე ¹7 დაწესებულების სპეციალური ნაწილის უფროსის _ რ.ქ.-ს ხელმოწერითა და დაწესებულების შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომლის თანახმად, გ.მ.-მა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო 2005წ. 4 აპრილს 12 საათზე, რასაც ადასტურებს მსჯავრდებულის ხელწერილი და ინახება მის პირად საქმეში.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლით, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების ასლის ჩაბარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესები. 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით მოქალაქეს უწყება უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება _ სათანადო თანამდებობის პირს.

მოცემულ შემთხვევაში მხარეს წარმოადგენს მოქალაქე გ.მ.-ი, რომელიც სასჯელს იხდის იუსტიციის სამინისტროს მკაცრი რეჟიმის .-ის ¹ ...-ის დაწესებულებაში და არა აღნიშნული დაწესებულება. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლის თანახმად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მას უნდა ჩაბარებოდა პირადად. დაწესებულების კანცელარიისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ასეთ შემთხვევაში არავითარ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ¹7 დაწესებულების სპეციალური ნაწილის უფროსის, რ.ქ.-ს ხელმოწერითა და დაწესებულების შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომლის თანახმად, გ.მ.-მა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო 2005წ. 4 აპრილს 12 საათზე, სარწმუნოდ ვერ ადასტურებს გ.მ.-ისათვის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის 2005წ. 4 აპრილს ჩაბარებას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება გ. მ.-ის მიერ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ზუსტი თარიღი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დარღვეულად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. მ.-ის წარმომადგენელ ლ. თ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 აპრილისა და 2005წ. 22 ივნისის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.