დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-995-1241-04 30 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია
დავის საგანი: თანხის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ, მოითხოვა თანხის გადახდის დაკისრება და ვალის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ნ. ბ-ის კუთვნილი ბინის მდებარე ქ. თბილისში, ....., რომელიც დატვირთულია იპოთეკით, აუქციონზე რეალიზაცია.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. მ-ის სარჩელი მოპასუხე ნ. ბ-ის მიმართ, მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ქ-ას და ღ-ის მიმართ, ვალის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონის წესით რეალიზაციის დადგენისა და ყადაღისაგან ნივთის გათავისუფლების თაობაზე; ნ. ბ-ეს დაეკისრა ი. მ-ის სასარგებლოდ, 2000წ. 9 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის და პროცენტის 8973 აშშ დოლარის შესაბამისი ლარისა და ზიანის _ 3780 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, სულ _ 12753 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. აუქციონის ჩატარება დაევალა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. დაკმაყოფილდა მესამე პირების დამოუკიდებელი სარჩელი და ნ. ბ-ის კუთვნილი ბინის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ი. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხით დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა. არ დაკმაყოფილდა მ-ის სარჩელი ყადაღისაგან ნივთის განთავისუფლების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირის _ ე. ბ-ის და თ. კ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოს სხდომის დღე მისთვის და მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი არ იყო. სასამართლომ არ მისცა საშუალება, გაესაჩივრებინა 2004წ. 5 მარტის განჩინება და შემდეგ განეხილა არსებითად საქმე მათი მონაწილეობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ე. ბ-ის და თ. კ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, რომ ე. ბ-ე და თ. კ-ი საქმეში მონაწილეობენ როგორც მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ასევე, გადაწყვეტილებით მათ არ დაკისრებიათ რაიმე უფლება-მოვალეობა.
სსკ-ის 364-ე მუხლიდან გამომდინარე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ კანონით დადგენილ ვადაში. ვინაიდან ე. ბ-ე და თ. კ-ი არ არიან მხარეები და არც მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და განუხილველად იქნა დატოვებული იმავე კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ნ. ბ-ს მარწმუნებლებმა ე. ბ-ემ და თ. კ-მა 2003წ. 19 ნოემბრის სანოტარო აქტებით გაუუქმეს რწმუნებულებები, რომლითაც მას ჰქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირად იქნა მიჩნეული და სააპელაციო საჩივარი ამ მხრივაც დაუშვებელია.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-მა იმ მოტივით, რომ ე. ბ-ემ და თ. კ-მა 2004წ. 13 ივლისის სანოტარო აქტით მიანიჭეს უფლებამოსილება რომ აწარმოოს მათი საქმე ყველა სასამართლო ინსტანციაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 აგვისტოს განჩინებით ე. ბ-ის და თ. კ-ის წარმომადგენელი ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
საქმის მასალებში მოცემულია ე. ბ-ის და თ. კ-ის 2003წ. 30 სექტემბრის განცხადება, რომლითაც მათ უნდობლობა გამოუცხადეს ნ. ბ-ს და გააუქმეს ყოველგვარი მინდობილობები. აღნიშნული ასევე დადგენილია 2003წ. 19 ნოემბრის სანოტარო აქტებით. ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისის განჩინების ასლი, სსკ-ის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, გაეგზავნათ თ. კ-ს და ე. ბ-ეს. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კურიერ მ. ჭ-ის მიერ 2004წ. 29 ივნისს შედგენილი აქტით დგინდება, რომ ადრესატებმა განჩინება არ ჩაიბარეს ადვოკატის გარეშე.
სსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
სსკ-ის 75-ე მუხლიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2004წ. 29 ივნისს. განჩინების გასაჩივრების სსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი 12 დღიანი ვადა დამთავრდა 2004წ. 12 ივლისს (ჩათვლით), კერძო საჩივარი კი შეტანილია 2004წ. 26 ივლისს. ამ ნორმის შესაბამისად პალატამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია სსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც იგი დაუშვებელად იქნა მიჩნეული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქმის მასალებში მოცემულია ე. ბ-ის და თ. კ-ის 2003წ. 30 სექტემბრის განცხადება, რომლითაც მათ უნდობლობა გამოუცხადეს ნ. ბ-ს და გააუქმეს ყოველგვარი მინდობილობა. აღნიშნული ასევე დადგენილია 2003წ. 19 ნოემბრის სანოტარო აქტებით. ამიტომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისის განჩინების ასლი, სსკ-ის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, გაეგზავნათ თ. კ-ს და ე. ბ-ეს. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კურიერ მ. ჭ-ის მიერ 2004წ. 29 ივნისს შედგენილი აქტით დგინდება, რომ ადრესატებმა განჩინება არ ჩაიბარეს ადვოკატის გარეშე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 75-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებულად ჩათვალა 2004წ. 29 ივნისს, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ განჩინების გასაჩივრების სსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი 12 დღიანი ვადა დამთავრდა 2004წ. 12 ივლისს (ჩათვლით), კერძო საჩივარი კი შეტანილია 2004წ. 26 ივლისს. სსკ-ის 416-ე მუხლში მოცემულია კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობაა. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ-ის და თ. კ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მა, რომელსაც მარწმუნებლებმა კვლავ გაუფორმეს მინდობილობა და მიანიჭეს სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, კერძო საჩივარი შეიტანა 2004წ. 26 ივლისს; რითაც დაარღვია კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი თორმეტდღიანი ვადა. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა კერძო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 384-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ისა და თ. კ-ის წარმომადგენელი ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისისა და 3 აგვისტოს განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.