გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-99-810-03 30 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მ. და ნ. ბ-ების განცხადებები და სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა მათი მშობლების, ს. და ე. ბ-ების დანაშთ ქონებაზე, მდებარე ქ. ფოთში, ..., ჩაეთვალათ საპატიოდ გაგრძელებულად.
2001წ. 23 თებერვალს ე. ბ-ამ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით ამავე სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ იგი როგორც ერთ-ერთი მემკვიდრე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.
აცილების წესით საქმის განხილვის შედეგად სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 12 ნოემბერს გამოტანილ იქნა განჩინება, რომლითაც ე. ბ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. განმცხადებელს განემარტა, რომ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე ე. ბ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევა, ვინაიდან მოცემული გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 2 თებერვლის სხდომაზე, როდესაც აპელაციის წესით იხილებოდა მეორე საქმე სამკვიდრო ქონების გაყოფის შესახებ. ამდენად, არა აქვს გაშვებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2003წ. 28 იანვარს მ. და ნ. ბ-ებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანეს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტის განჩინების გაუქმების შესახებ (რომლითაც ე. ბ-ას განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად), სსკ-ს 377-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის სხდომაზე ე. ბ-ს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე კერძო საჩივარი შინაარსის მიხედვით მიჩნეულ იქნა სააპელაციო საჩივრად, ხოლო 14 მარტის სხდომაზე დაკმაყოფილდა მ. და ნ. ბ-ების წარმომადგენელ ნ. ა-ის შუამდგომლობა 2003წ. 28 იანვარს შეტანილი საჩივრის შეგებებულ სააპელაციო საჩივრად მიჩნევის თაობაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ბ-ას სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა ნ. და მ. ბ-ების შეგებებული სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 2 მარტისა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებები. ე. ბ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე ე. ბ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად მიიჩნია მ. და ნ. ბ-ების საჩივარი შეგებებულ სააპელაციო საჩივრად, ვინაიდან იგი არ არის დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, მათ არ მოუთხოვიათ იმ განჩინების გაუქმება, რომელიც ძირითადი სააპელაციო საჩივრით არის გასაჩივრებული; სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის, 384-ე, 379-ე მუხლების მოთხოვნები; სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის განჩინებით ე. ბ-ას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით. დარღვეულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო საქმეთა წარმოების ძირითადი პრინციპები, ისე _ სსკ-ს ცალკეული ნორმები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 დეკემბრის განჩინებით ე. ბ-ას კერძო საჩივარი, შეტანილი სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე, მიღებულ იქნა განსახილველად, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად იყო მითითებული მისი გასაჩივრების წესი, გათვალისწინებული სსკ-ს 430-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა აღნიშნულ გარემოებას, რითაც უგულებელყოფილ იქნა სსკ-ს 414-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 12 მარტის სხდომაზე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიჩნია რა ე. ბ-ას კერძო საჩივარი სააპელაციო საჩივრად, არ იმსჯელა მის დასაშვებობაზე სსკ-ს 368-379-ე მუხლების შესაბამისად, რითაც დაარღვია სსკ-ს 374-ე მუხლის მოთხოვნა.
პალატა იზიარებს ე. ბ-ას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 377-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნ. და მ. ბ-ების საჩივართან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 14 მარტის სხდომაზე აღნიშნული საჩივრის შეგებებულ სააპელაციო საჩივრად მიჩნევამ გამოიწვია მთელი რიგი დარღვევები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, წაეყენება იგივე მოთხოვნები, რაც სააპელაციო საჩივარს. იგი უშუალოდაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი შეტანილი უნდა იყოს ძირითადი საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ძირითადი აპელანტის სასარგებლოდაა გამოტანილი. სსკ-ს 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ ძირითად გადაწყვეტილებასთან (მოცემულ შემთხვევაში – განჩინებასთან) ერთად შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ასეთი განჩინების გასაჩივრება არც არის მიზანშეწონილი, თუკი მხარე ეთანხმება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ ძირითად გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში ნ. და მ. ბ-ების საჩივარი შინაარსობრივად მხოლოდ ძირითად სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შეპასუხების სახეს ატარებდა.
გარდა ამისა, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, ვინაიდან სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის სხდომის ოქმში ე. ბ-ას საჩივარი დაფიქსირებულია კერძო საჩივრად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინება გამოტანილია სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.