ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2186-ა-50-03 6 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი,მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 2 აპრილს რ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს/ს “ე-ს” მიმართ სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებისა და ცეკავშირის გამგეობის დადგენილების გაუქმების, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მათი მოქმედების შეჩერების, ასევე _ ს/ს “ე-ს” დირექტორის თანამდებობაზე მისი აღდგენის შესახებ.ამავე დროს, 2001წ. 6 აპრილს, ს/ს “ე-ს” აქციონერმა ა.გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ს/ს “ე-ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 11 თებერვლის ოქმის საფუძველზე რ.ს-ისათვის საზოგადოების გენერალური დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და აღნიშნულ თანამდებობაზე ა. გ-ის დანიშვნის შესახებ. ეს ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადებას უარი ეთქვა, ხოლო ა. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა _ ს/ს “ე-ს” გენერალურ დირექტორად სამეწარმეო რეესტრში მომხდარი ცვლილების საფუძველზე რ.ს-ის მაგივრად დაინიშნა ა.გ-ი.
აღნიშნული საქმე რამოდენიმეჯერ იქნა განხილული პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ და საქმე დაბრუნდა რაიონულ სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ს-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ს-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც რ.ს-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რითაც დაკმაყოფილდებოდა საქმეში წარმოდგენილი მისი სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის მოთხოვნები: ს/ს “ე-ს” სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 9 აგვისტოს სხდომის ¹3 ოქმის თანამდევი შედეგით ბათილად ცნობა, 2002წ. 18 აგვისტოს აქციონერთა საერთო კრების ¹1 ოქმის ბათილობით ს/ს “ე-ს” გენერალურ დირექტორად 2002წ. 7 აგვისტოდან აღდგენა თანამდევი შედეგით, კერძოდ, შრომის ანაზღაურება, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შრომის ანაზღაურების იძულებით შეწყვეტით მიყენებული მატერიალური ზარალის ჩათვლით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონის სასამართლომ 1998წ. 22 ივნისს რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი – ეროვნული ალიანსი “ცეკავშირი”, სააქციო საზოგადოება “ე-” და საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა დირექტორ რ. ს-ს, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 1998წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით. 1998წ. ნოემბრის თვიდან რ. ს-ი არჩეულ იქნა ახალციხის რაიონის საკრებულოს წევრად, ხოლო 1999წ. 15 სექტემბრიდან ამავე საკრებულოს მდივნად. 2000წ. 8 თებერვალს რ.ს-მა განცხადებით მიმართა ს/ს “ე-ს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მოითხოვა მისი გამოწვევა დაკავებული თანამდებობიდან არჩევით სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ 2000წ. 11 თებერვლის სხდომაზე (რომელშიც მონაწილეობდა თვით რ.ს-ი) მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა: რ. ს-ი გამოწვეულ იქნა სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორის თანამდებობიდან და შეუწყდა სასამსახურო ხელშეკრულება 2000წ. 11 თებერვლიდან. ამასთან, იმავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ს/ს “ე-ს” გენერალურ დირექტორად ა. გ-ის დანიშვნის შესახებ, რომელთანაც 2000წ. 10 მარტიდან გაფორმდა სასამსახურო ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სამათალურთიერთობა წარმოიშვა კერძო სამართლისათვის დამახასიათებელ მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, ამდენად, მის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ კერძო, და არა პირთა ურთიერთდაქვემდებარებაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის ნორმები.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.6-ე, 51-ე და სკ-ის 29-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სააქციო საზოგადოება არის კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის წარმოშობის (რეგისტრაციის), მართვისა და საქმიანობის საკითხები მოწესრიგებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით. ამავე კანონის 55.8-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააქციო საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, ასევე მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა, ხოლო “ბ” ქვეპუნქტით დირექტორების საქმიანობას კონტროლს უწევს რა სამეთვალყურეო საბჭო, ამ უკანასკნელს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, რაც გამოწვეულია დირექტორთა ფართო უფლებამოსილებით, განკარგონ და მართონ საზოგადოების მთელი ქონება. დირექტორსა და სამეწარმეო იურიდიულ პირს შორის ჩამოყალიბებულ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში თითოეული მხარე მოქმედებს, როგორც კორპორაციული ურთიერთობის მონაწილე, რომელთა კომპეტენცია რეგლამენტირებულია “მეწარმეთა შესახებ” კანონით. აღნიშნული კანონის 9.1 მუხლით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, ხოლო 56.1 მუხლით კი აღნიშნული მათი მოვალეობაცაა, რაც უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად. საზოგადოების მთელ ქონებას განაგებენ რა დირექტორები, მათ მიერ ნაკისრი თანამდებობრივი ვალდებულების კეთილსინდისიერი და წარმატებით შესრულება არსებით გავლენას ახდენს საწარმოს განვითარებაზე და, შესაბამისად, პარტნიორთა წარმატებებზე სამეწარმეო საქმიანობის სფეროში. ეს გარემოება განაპირობებს მოგებაზე ორიენტირებულ საზოგადოების პარტნიორთა დაინტერესებას საწარმოს დირექტორთა სამეწარმეო და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით შერჩევა-დანიშვნისას. ამდენად, სააქციო საზოგადოება “ე-ს” სამეთვალყურეო საბჭო დირექტორად პირის დანიშვნის არჩევანში და, შესაბამისად, ამავე პირის სამუშაოდან დათხოვნის საკითხში, სამეწარმეო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონით შეზღუდული არ არის.
საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ სააქციო საზოგადოებაში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა რ.ს-ის პირად სურვილს არ წარმოადგენდა, არამედ განპირობებული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესებით, რომლის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით მას ეკუთვნის სამუშაოზე აღდგენა. ამასთან, საკრებულოს მდივნად მუშაობის პერიოდში რ. ს-ი მაინც რეგისტრირებული იყო საზოგადოების დირექტორად 2001წ. 2 ოქტომბრამდე.
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.6 მუხლი ითვალისწინებს კანონით დადგენილი რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების, მათ შორის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებთან დაკავშირებული ყოველი ცვლილების აუცილებელ რეგისტრაციას, თუმცა ამ დანაწესის დარღვევა დირექტორის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი, სააქციო საზოგადოების დირექტორთა სამართლებრივი მდგომარეობის ზემოხსენებული სპეციფიურობიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება.
რ. ს-მა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 იანვრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეესაბამებოდა სსკ-ის 426-427-ე მუხლებს და მხარეს მისცა ვადა მის გამოსასწორებლად. რ.ს-მა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა, რის შემდეგ საკასაციო პალატის 2004წ. 9 მარტის განჩინებით განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ზემოაღნიშნულ განცხადებაში რ.ს-მა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 29 აპრილს უდავო წესით მიიღო გადაწყვეტილება ს/ს “ე-ს” რეგისტრაციაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად სამთვიანი ვადის მიცემის შესახებ. რ.ს-ის განმარტებით, ს/ს “ე-ს” უკანონოდ დანიშნულმა დირექტორმა ა.გ-მა განცხადებით მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების განმარტება, რაც განხორციელდა ამავე სასამართლოს 2003წ. 30 სექტემბრის განჩინებით, რომელიც რ.ს-ს ჩაბარდა 2003წ. 28 ნოემბერს. სასამართლოს მიერ ს/ს “ე-სათვის” რეგისტრაციის ხარვეზის დადგენის მიუხედავად, იგი არ გამოსწორებულა და საზოგადოების მართვა უკანონოდ ხდებოდა 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. განმცხადებლის აზრით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელთა საფუძველზე უნდა მოხდეს საქმის წარმოების განახლება. რ.ს-მა ყურადღება გაამახვილა ბორჯომის რაიონული პროკურატურის 2003წ. 15 სექტემბრის დადგენილებაზე ს/ს “ე-ს” მიმართ სისხილის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რაც მხარისათვის ცნობილი ცახდა 2003წ. 17 დეკემბერს და ასევე მოცემულ საქმესთან მიმართებაში წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რ. ს-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ზემოხსენებულ გარემოებებად განმცხადებელმა მიიჩნია ს/ს “ე-ს”, მისივე აზრით, უკანონოდ დანიშნული დირექტორის _ ა.გ-ის განცხადების საფუძველზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2003წ. 30 სექტემბერს მიღებული განჩინება ამავე სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის უდავო წარმოების წესით განხილული გადაწყვეტილების განმარტებაზე, რომლითაც ს/ს “ე-ს” რეგისტრაციაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა სამთვიანი ვადა. ახლად აღმოჩენილ გარემოებად რ.ს-ი, აგრეთვე, მიიჩნევს სასამართლოს მიერ ს/ს “ე-სათვის” რეგისტრაციის ხარვეზის დადგენის მიუხედავად, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე საზოგადოების უკანონოდ მართვასა და 2003წ. 15 სექტემბრის ბორჯომის რაიონული პროკურატურის მიერ ს/ს “ე-ს” მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანას.
მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეხება ს/ს “ე-ს” დირექტორის თანამდებობაზე რ. ს-ის აღდგენას, ამავე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებას, ცეკავშირის გამგეობის დადგენილების გაუქმებასა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მათი მოქმედების შეჩერებას.
პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ მის მიერ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებებისა და გარემოებების საქმის განხილვის დროს სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში გამოიტანდნენ მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან განმცხადებლის მიერ აღნიშნული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწესრიგებულ ურთიერთობასთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის არ არის, მათი საქმის განხილვის დროს წარმოდგენა არ გამოიწვევდა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს, რის გამოც ისინი ვერ გახდებიან საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.8-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააქციო საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, ასევე მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა, ხოლო “ბ” ქვეპუნქტით დირექტორების საქმიანობას კონტროლს უწევს რა სამეთვალყურეო საბჭო, ამ უკანასკნელს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, რაც გამოწვეულია დირექტორთა ფართო უფლებამოსილებით, განკარგონ და მართონ საზოგადოების მთელი ქონება. დირექტორსა და სამეწარმეო იურიდიულ პირს შორის ჩამოყალიბებულ კერძო სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე, საზოგადოების კომპეტენტური ორგანო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით უფლებამოსილია და ვალდებულიც საქმის ვითარების შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს უფლებამოსილება დირექტორს. აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს საწარმოსთან დაკავშირებული სამართლებრივი ხარვეზები.
ამდენად, საზოგადოების მიერ თავისი საქმიანობის თუნდაც სამართლებრივი დარღვევებით განხორციელება არ შეიძლება გახდეს იმავე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის _ დირექტორის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ს-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ შეიცავს სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ წინამძღვრებს, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ს-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.