არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-114-ა-15-03 3 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “...ბანკის” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების და საქმის წარმოებით განახლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს “...ბანკს” შპს “ჯ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 753057 ლარის გადახდა. მასვე შპს “ჯ-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 10000 ლარის ანაზღაურება.
2004წ. 21 იანვარს სს “...ბანკმა” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება შემდეგი საფუძვლით:
სს “...ბანკმა” 2004წ. 13 იანვარს მოიპოვა მოქალაქეებთან ა. კ-ასთან და დ.ბ-ესთან 20000წ. 27 იანვარს დადებული შეთანხმებები იმის შესახებ, რომ მსესხებლებს მიეცა დამატებითი ორთვიანი ვადა 1999წ. 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის. შეუსრულებლობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება უფლებამოსილებას იტოვებს გამოიყენოს 1999წ. 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავები და საჯარიმო სანქციები. ამასთან, მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს თავდებს – შპს “ჯ-ს”.
ეს შეთანხმება საფოსტო ბანკისათვის ცნობილი გახდა 2003წ. 13 იანვარს. საქმის განხილვის დროს ეს გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსთვის, იგი მიიღებდა მის სასარგებლო გადაწყვეტილებას – არ მიიჩნევდა სს “...ბანკის” მოთხოვნას ხანდაზმულად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო განცხადების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სს “...ბანკის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებას სხვა გარემოებებთან ერთად საფუძვლად დაედო ხანდაზმულობაც.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1999წ. 31 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებების შესრულების ვადა დადგა იმავე წლის 1 ივლისს. ამავე დროიდან წარმოეშვა უფლება ბანკს მოვალისათვის მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, ანუ საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის დინება დაიწყო 1999წ. 1 ივლისიდან და ძირითადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2002წ. 1 ივლისს.
თავდებობის ხელშეკრულების დროს თავდებობის ხელშეკრულება არ არის ძირითადი ვალდებულება. იგი დამატებითი ვალდებულებაა და სკ-ის 893-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში შპს “ჯ-ის” ვალდებულების განმსაზღვრელი იყო ძირითადი ვალდებულება – საკრედიტო ხელშეკრულება ანუ, თუკი არ არსებობს ან არ შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა ძირითადი ვალდებულების შესრულების შესახებ, არ შეიძლება არსებობდეს ვალდებულება დამატებითი მოთხოვნის შესრულების შესახებ, ვინაიდან სკ-ის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებით მოთხოვნისთვისაც, მაშინაც, როცა ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
საკასაციო სასამართლომ 2003წ. 12 ნოემბრის განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან სარჩელის წარდგენის ვადა გასული იყო ძირითად ვალდებულებაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლებოდა ამ საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული თავდებობის ხელშეკრულებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მართალია, სასამართლოს წარუდგინა კრედიტორსა და მოვალეებს შორის 2000წ. 27 იანვრის თარიღით დადებული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მსესხებლებს მიეცათ დამატებით ორთვიანი ვადა 1999წ. 31 მარტის ხელშეკრულების შესრულების შესახებ და ამ შეთანხმებაშივე მიეთითა, რომ თუკი ხელშეკრულება არ შესრულდებოდა დამატებით დათქმულ ვადაში მთლიანი დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელი გახდებოდა შპს “ჯ-ი”, მაგრამ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 2000წ. 27 იანვრის შეთანხმების არსებობა თუნდაც მისთვის ცნობილი გამხდარიყო 2004წ. 13 იანვარს (როგორც ამას თვითონ მიუთითებს) და ეს შეთანხმება მას რომ წარედგინა საქმის განხილვის დროს სასამართლოსათვის, საკასაციო სასამართლო მაინც ვერ მიიღებდა სს “...ბანკის” სასარგებლო გადაწყვეტილებას. ვინაიდან ეს შეთანხმება ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა და ვერ შეცვლიდა თავდებისათვის თანხების გადასახდელად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას.
სკ-ის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებელი.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე შპს “ჯ-ს”, როგორც თავდებს ყოველთვის შეეძლო ძირითადი მოვალის ა. კ-ას და დ. ბ-ის შესაგებლის წარდგენა, ანუ შპს “ჯ-ს” ყოველთვის შეეძლო დაეყენებინა საკითხი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, თუნდაც ამის თაობაზე მოთხოვნა არ დაეყენებინა ძირითად მოვალეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თუნდაც ძირითად მოვალეებს უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გამოყენებაზე, შპს “ჯ-ი” მაინც არ კარგავდა ამ შესაგებლის უფლებას და მასზე ვერ გავრცელდება ძირითადი მოვალის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება, ანდა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარება. შპს “ჯ-ს” ყოველთვის შეეძლო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი ეთქვა თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და მასზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა ძირითად მოვალეთა შეთანხმება კრედიტორთან იმ შესაგებლების თაობაზე, რომელიც კანონის თანახმად აქვს ძირითად მოვალეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “...ბანკის” მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს იმ გარემოებას, რომელიც საქმის წარმოების განახლებას გამოიწვევს, რადგან ეს დოკუმენტები ადრეც რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “...ბანკის” განცხადება მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.