ახალად აღმოჩენილი გარემოებები

სამოქალაქო 29.06.2005
საქმის ნომერი
ა-1521-ა-26-05
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი
29.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1521-ა-26-05 ას-1521-ა-26-05 29 ივნისი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

განიხილა ბ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

27.05.2002წ. ო. უ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბ. ქ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 0,06ჰა მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად ცნობა და აღნიშნული ნაკვეთიდან მოპასუხის გამოსახლება. 25.06.2002წ. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სადავო მიწის ნასყიდობის თაობაზე მოსარჩელესა და შ. ბ-ს შორის დადებული 30.04.2002წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მისი ფართობის სასაზღვრო მიჯნების საბოლოოდ დადგენა.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 22.10.2004წ. გადაწყვეტილებით ო. უ-ის სარჩელი 0,06ჰა მიწის ფართობზე საკუთრების უფლების ცნობისა და აღნიშნული მიწის ბ. ქ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო ბ. ქ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხე ბ. ქ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სხვა რაიონული სასამართლოსათვის გადაგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 28.12.2004წ. განჩინებით ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 500 ლარს, ვინაიდან სადავო 0,06ჰა მიწის ნაკვეთის ფასი, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შეადგენდა 200 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა აპელანტის ბ. ქ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლოს მსჯელობა საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,06ჰა მიწის ფართობი არ წარმოადგენდა დამოუკიდებლად დავის საგანს, არამედ ამ ხელშეკრულებით დარღვეული იყო მისი უფლება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მისი კუთვნილი 3,4ჰა მიწის ნაკვეთიდან სადავო მიწის ფართის ჩამოჭრა ამდაგვარი ფორმით გამოიწვევდა მისი ქონების გაუფასურებას, რაც არ შეიძლებოდა შეფასებულიყო 500 ლარზე ნაკლებად. მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა ღირებულების იყო მისი დარღვეული უფლება და ცალსახად არ უნდა ემსჯელა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ღირებულებაზე, მით უმეტეს, რომ სადავო ფართის ფასი სინამდვილეში მეტს შეადგენდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 22.03.2005წ. განჩინებით ბ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობისა და დაუსაბუთებულობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარებული ჰქონდა 01.02.2005წ., ხოლო საოლქო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა 17.03.2005წ. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებდა, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელიც რომ არ ყოფილიყო, იგი უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო 0,06ჰა მიწის ნაკვეთის ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად შეადგენდა 200 ლარს, ანუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 500 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 25.04.2005წ. განჩინებით ბ. ქ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლებოდა განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელი იყო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდებოდა კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩებოდა. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინება აპელანტს ჩაბარებული ჰქონდა 01.02.2005წ., კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა ამოიწურა 14.02.2005წ. ხოლო ვინაიდან აპელანტმა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიმართა კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს, ამიტომ კერძო საჩივარი დაუშვებელობის გამო განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

2005წ. 8 ივნისს ბ. ქ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და სსკ-ის 423-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 424-ე და 427-ე მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 28.12.2004წ. განჩინებაზე შემოტანილ მის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

განცხადების ავტორის განმარტებით, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მოხდა ღია მოსმენის გარეშე, ამდენად მისთვის უცნობი იყო, რომ სასამართლო იხელმძღვანელებდა ს.ფ. 178-ზე არსებული დოკუმენტით და არ მიეცემოდა შესაძლებლობა დაემტკიცებინა, რომ მას განჩინება პირადად არ ჩაბარებია. აღნიშნული განჩინება ჩაიბარა მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით 2005წ. 9 მარტს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც საქმეში იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ანუ აღნიშნული ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსთვის საქმის განხილვის დროს, იგი უდავოდ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის ბ. ქ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გარემოება, რასაც განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს, არ განეკუთვნება სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას. განმცხადებელი თავისი განცხადების დასასაბუთებლად ეყრდნობა საქმის მასალებს, ხოლო სსკ-ის 423-ე მუხლის 1 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილი მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც მხარისათვის შემდგომ გახდა ცნობილი და ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 28.12.2004წ. განჩინება არ ჩაბარებია 01.02.2005წელს. საქმის მასალებში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დადასტურებულია, რომ აღნიშნული განჩინება ბ. ქ-ს ჩაბარებული აქვს 01.02.2005წ., რის გამოც აღნიშნული საკითხის მის მიერ სადავოდ გახდა საფუძველს მოკლებულია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. Qქ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.