უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-105-ა-21-06 27 აპრილი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს კბ „ა-ის“ განცხადების საფუძველზე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ნოემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ... ¹18-ში მდებარე, თ.წ-იას სახელზე რიცხულ სახლს. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა სს კბ „ა-ის“ მიერ ნ.ჩ-იასა და თ.წ-იას მიმართ აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 23 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ჩ-იას კერძო საჩივარი, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ რაიონული სასამართლო განჩინება.
თ. წ-იამ და ნ. ჩ-იამ 2001წ. 17 მაისს სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სს კბ „ა-ის“ მიმართ და მოითხოვეს თ. წ-იას საკუთარ საცხოვრებელ სახლზე უსაფუძვლოდ დადებული ყადაღით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. შემდგომში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეებმა მოხსნეს მოთხოვნა. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით მათ მიადგათ ზიანი, ვინაიდან ყადაღადადებული ქონება შეფასებულია მილიონ აშშ დოლარად, ხელშეკრულება დაიდო გაყიდვის მიზნით,რომ მყიდველი გადაიხდიდა „ბეს“ სახით 100 000 აშშ დოლარს და ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდებოდა 2000წ. 25 დეკემბრამდე. თუკი რომელიმე მხარე დაარღვევდა ამ ხელშეკრულებას, პირგასამტეხლოს სახით გადაიხდიდა 200 000 აშშ დოლარს, ყადაღის დადებით ჩაიშალა ხელშეკრულება, რის გამოც თ.წ-იას მოუწია 200 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც მისმა ოჯახმა ისესხა პროცენტით და დღემდე მძიმე ტვირთად აწევს. ამდენად, მოსარჩელეებმა სულ გადაიხადეს 300 000 აშშ დოლარი, მთლიანად ზარალმა კი შეადგინა 560 000 აშშ დოლარი.
2001წ. 6 ნოემბერს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქმის განმხილველ სასამართლოს და მოითხოვეს საქმეში მოპასუხედ სს კბ „ა-ის“ ნაცლად სს „ბ.ქ-ს“ ჩაბმა. 2004წ. 9 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეთა განცხადება დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ სს კბ „ა-ის“ ნაცვლად ჩაება სს „ბ.ქ-“.
„ბ.ქ-“ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასათანადო მოპასუხედ ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად სს „ბ.ქ-“ მიუთითა, რომ სს კბ „ა-ისაგან“ მიღებული უფლებები და მოთხოვნები მოსარჩელეების მიმართ დაუთმო შპს „ბ-ს“.
სასამართლომ „ბ.ქ-“ მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ და მოსარჩელეებს შესთავაზა სს „ბ.ქ-“ შეეცვალათ შპს „ბ-ით“.
ნ.ჩ-იამ და თ.წ-იამ უარი განაცხადეს „ბ.ქ-“ „ბ-ით“ შეცვლაზე და მოითხოვეს სს „ბ.ქ-ათვის“ 560 000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჩ-იას და თ.წ-იას სარჩელს სს „ ბ.ქ-ს“ მიმართ ეთქვა უარი. მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 17 აპრილს უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ ხელშეკრულებით „ა-მა“, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ნ.ჩ-იას მიმართ დაუთმო „ბ.ქ-“. მოსარჩელეთა რაიმე ვალის გადმოკისრებას არ მომხდარა, ვერც მოსარჩელეები მიუთითებენ რაიმე ვალის არსებობაზე. 2002წ. 25 აპრილს გაფორმებული უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის ხელშეკრულებით „ბ.ქ-“ 1998წ. 29 აპრილის და იმავეწ. 9 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები და უფლებები დაუთმო „ბ-ს“.
ამდენად, სს კბ „ა-ისაგან“ მიღებული მოთხოვნა მოსარჩელეთა მიმართ სს „ბ.ქ-“ დაუთმო შპს „ბ-ს“, რომელიც სს კბ „ა-ის“ ნაცლად ჩაერთო ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელეთა მიმართ აღძრულ სარჩელში. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ შპს „ბ-ს“ ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, ამ საქმეზე სათანადო მოპასუხე იყო შპს „ბ-ი“E. ვინაიდან, მოსარჩელეებმა უარიგანაცხადეს „ბ.ქ-ს“ „ბ-ით“ შეცვლაზე, სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 დეკემრის გადაწყვეტილება.
თ. წ-იამ და ნ. ჩ-იამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: უზენაესი სასამართლოს განჩინება ეყრდნობა საქმის მასალებს, სადაც არ იყო წარმოდგენილი ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც ადრე, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი გამოიწვევდა კასატორთათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. განმცხადებლებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიღება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ ცნობილი გახდა ბანკის ადმინისტრაციის შეცლის შემდეგ, კერძოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული არაერთი წერილის შედეგად ირკვევა, რომ სს კბ «ა-მა» სს «ბ.ქ-» ხელშკრულების საფუძველზე გადასცა აქტივებისა და პასივების ძირითადი ნაწილი. დაუთმო მოთხოვნები იმ ვალდებულებების სანაცვლოდ, რაც გადმოკისრებული ვალი იყოდა ამჟამად სს «ბ.ქ-» ითვლება სს კბ «ა-ის»სამართალმემკვიდრედ აქტივებისა და პასივების განსაზღვრულ ნაწილში, რომლშიც ასევე შედიოდა ნ.ჩ-იასა და თ.წ-იას მიმართ არსებული საკრედიტო ხელშეკრულებები. ამდენად,სს «ბ.ქ-» სს კბ «ა-ის» უბრალო უფლებამონაცვლე არ არის, იგი სამართალმემკვიდრეა, როგორც მიოთხოვნის, ისე ვალდებულებების ნაწილშიც, ხოლო შპს «ბ-ი» არის მოთხოვნის უფლებამონაცვლე ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე და იგი არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელის სათანადო მოპასუხედ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა თ. წ-იასა და ნ. ჩ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვენ საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.
სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტის თანახმად, «კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.»
სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, ე. ი. რამდენად სწორადაა გამოყენებული კანონი სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში და ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (სსკ-ის 407-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები ვერ გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას საკასაციო სასამართლოში, ვინაიდან, ზემოთ მითითებული ნორმების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ახალი ფაქტები და მტკიცებულებები. ამდენად, განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. წ-იასა და ნ. ჩ-იას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.