უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ა-1443-ა-49-06 30 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-ძემ, მ. ბ-შვილმა, ც. ს-იანმა და გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. პ-შვილის, თ. პ-შვილისა და ე. შ-ელიას მიმართ თანხის გადახდევინების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 2000წ. აგვისტოში მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის გამეგობის დადგენილების საფუძველზე მოსარჩელეებმა ერთობლივად შეიძინეს მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე სავაჭრო ცენტრი. 2002წ. 23 იანვარს ლ.მ-ძესა და დ. პ-შვილს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ.პ-შვილის საკუთრებაში გადავიდა სავაჭრო ცენტრის ლ.მ-ძის კუთვნილი 234/1122,26 და 702 კვ.მ მიწის საერთო საკუთრების ნაკვეთი შენობაში წილთა პროპორციულად. ამავე გარიგებით გათვალისწინებულ იქნა დ. პ-შვილის ვალდებულება მხარეთა ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ. მოგვიანებით მითითებულ საქმიანობაში ჩაება დ.პ-შვილის მამა თ. პ-შვილი, რომელმაც ასევე იკისრა რიგი ფულადი ვალდებულებანი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დ. პ-შვილის, თ. პ-შვილისა და მისი მეუღლე ე. შ-ელიასათვის სოლიდარულად დავალიანების _ 4 536 ლარის გადახდის დაკისრება.
ე.შ-ელიამ და თ.პ-შვილმა სარჩელი არ ცნეს.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დ. პ-შვილის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო, ხოლო დანარჩენი მოპასუხეების მიმართ საქმე არსებითად იქნა განხილული და სარჩელი ასევე დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ. პ-შვილის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა და ამავე სასამართლოს 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება თ. პ-შვილმა და ე. შ-ელიამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ე. შ-ელიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 4536 ლარის გადახდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, ე. შ-ელიას აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 26 აპრილს, საკასაციო საჩივარი კი მან შეიტანა ამავეწ. 23 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 30 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, ე. შ-ელიას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2006წ. 31 ივლისს ე. შ-ელიამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე პალატის 2006წ. 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მას ჩაჰბარდა 2006წ. 20 მაისს, საკასაციო საჩივარი კი შეიტანა ამავეწ. 20 ივნისს, კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად ე.შ-ელიამ წარმოადგინა ფოსტის თანამშრომლის ჟურნალის ფურცლის ქსეროასლი, რომელზეც დაფიქსირებულია ე.შ-ელიას ხელმოწერა და თარიღად მითითებულია 20 მაისი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ე. შ-ელიას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახილების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. პ-შვილისა და ე. შ-ელიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ლ. მ-ძის, მ. ბ-შვილის, ც. ს-იანისა და გ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ე. შ-ელიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 4536 ლარის გადახდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყება, რომლის თანახმად ე. შ-ელიას ზემოხსენებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006წ. 26 აპრილს. უწყება შედგენილია შესაბამის ბლანკზე და დადასტურებულია საფოსტო ბეჭდით, რის გამოც მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ე.შ-ელიას განმარტებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა 2006წ. 20 მაისს, რის დამადასტურებლად მხარე უთითებს ფოსტის თანამშრომლის ჟურნალის გვერდის ქსეროასლზე.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული დოკუმენტი არ არის სათანადო ორგანოს (ფოსტის) მიერ დამოწმებული, რის გამოც დადასტურებულად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ იგი ნამდვილად საფოსტო ჟურნალს წარმოადგენს. ამდენად, ე.შ-ელიას განცხადებაში აღნიშნული გარემოება კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ დაუდასტურებია.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს ე.შ-ელიას მითითებას სადავო გადაწყვეტილების 2006წ. 20 მაისს ჩაბარების შესახებ, აღნიშნული მისი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ერთიდაიგივე გადაწყვეტილების მხარისათვის ორჯერ ჩაბარებისას მისი გასაჩივრების კანონისმიერი ვადა აითვლება პირველი ჩაბარების მომენტიდან. მოცემული შემთხვევაში კი საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ე. შ-ელიამ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2006წ. 26 აპრილს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ე. შ-ელიას საკასაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი, ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მისი გაუქმების, საქმის წარმოების განახლებისა და ე.შ-ელიას განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. შ-ელიას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.