ბათილად ცნობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-2286-ბ-31-04 ა-2286-ბ-31-04 15 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 12 თებერვალს საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. მ-ის უფლებამონაცვლე ც. მ-ის საკასაციო საჩივარი. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
2004წ. 10 აგვისტოს ც.მაჩხანელმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს განმცხადებელმა მოითხოვა ზემოთ მითითებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: განცხადების ავტორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ბათილია, რადგან საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მას მოესპო საშუალება სასამართლოსთვის თავისი მოსაზრება მოეხსენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განცხადების საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილვის (მოსმენის) გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობათ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 იანვრის განჩინებით ც.მაჩხანელის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მხარეებს. იმავე წლის 12 თებერვალს საკასაციო პალატამ, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, განიხილა საკასაციო საჩივარი.
სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოება შეიძლება განახლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის ზეპირი განხილვა მოხდა და მხარე განხილვაზე არ იყო კანონით დადგენილი წესით მოწვეული. განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო საჩივრის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, რისი უფლებაც, სსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გააჩნდა. ამდენად, განცხადებაში მითითებული გარემოება არ შეიძლება იქნეს მიჩნეული განჩინების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რის გამოც განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.