ბათილად ცნობა

სამოქალაქო 29.12.2004
საქმის ნომერი
ა-3387-ბ-45-04
კატეგორია
დავის ტიპი
ბათილად ცნობა
თარიღი
29.12.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-3387-ბ-45-04 ა-3387-ბ-45-04 29 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. დადიანის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 ივლისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ბ-ას სარჩელი. გაუქმდა რ. ბ-ას საძინებელი ოთახის თავზე ზ. ზ-ის საცხოვრებელ ბინაში სანიტარული კვანძი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ზ-ის შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ოთახის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი საერთო სახურავის რემონტისა და მოვლის ხარჯების შესახებ და რ.ბ-ას ზ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 806,6 ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ასა და ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შევიდა ცვლილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ზ.ზ-ეს უარი ეთქვა საერთო სახურავის რემონტის თანხის დაკისრებაზე ხანდაზმულობის გამო, ხოლო რ. ბ-ას უარი ეთქვა სარჩელზე ზ.ზ-ის საცხოვრებელ სახლში სანიტარული კვანძის გაუქმებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით, რ.ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ზ-ის საცხოვრებელ სახლში სანიტარული კვანძის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ.ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ბ-ას საძინებელი ოთახის თავზე განლაგებული ზ. ზ-ის კუთვნილი სანიტარული კვანძი. დანარჩენ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2004წ. 17 დეკემბერს ლ. დადიანმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მისი მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე თვითონაა, რადგან მის შვილ ზ. ზ-ეს მითითებულ სახლში რაიმე საკუთრება არ გააჩნია. ვინაიდან სასამართლოს იგი არ ჩაუბამს მოცემული საქმის განხილვაში მხარედ, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქმის წარმოება განახლდეს.

მისი მითითებით, სადავო სახლში სხვა პირებთან ერთად საკუთრება გააჩნდათ მას, აწ გარდაცვლილ დედამთილ ნ. ზ-ესა და მამამთილ ი. ზ-ეს.

მანვე მოითხოვა განცხადების განხილვამდე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო განცხადების ფარგლებში გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე რ.ბ-ამ სარჩელი აღძრა ჯერ კიდევ 1998წ. 4 სექტემბერს, ხოლო ზ. ზ-ემ შეგებებული სარჩელი წარადგინა იმავე წელს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმებას დაექვემდებარა ზ. ზ-ის კუთვნილი სანიტარული კვანძი, რომელიც მდებარეობდა რ.ბ-ას საძინებელი ოთახის თავზე.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ცნობით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრეებად სარეგისტრაციო სამსახურში არსებული დოკუმენტების საფუძველზე, რეგისტრირებულია ბ-ე შ. და შპს „გ.“, ხოლო საარქივო მასალებით უძრავი ქონების ნაწილი აღრიცხულია საბინაო სამმართველოს, მ. ფ-ის, ზ. ბ-ის, რ. ბ-ას, ნ. ზ-ის, ლ. დ-ის, რ. ს-ის, დ. მ-ისა და ი. ზ-ის სახელზე. ი. ზ-ე გარდაიცვალა 1989წ. 26 თებერვალს, ხოლო ნ. ზ-ე 1993 წელს.

ი. ზ-ე არის განმცხადებლის ზ. ზ-ის მამა, ხოლო ნ. ზ-ე – ბებია. სამკვიდრო მამის ქონებაზე გაიხსნა 1989 წლიდან, ხოლო ბებიის ქონებაზე – 1993 წლიდან, რომელსაც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ზ.ზ-ე და გახდა მისი მესაკუთრე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები შეეხო ზ.ზ-ის იმ ქონებას, რომელიც მან მიიღო სადავო სახლში მემკვიდრეობით და რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენდა საქმის განხილვის დროს (სკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ შეხებია ლ. დ-ის და ამ სახლში მცხოვრები სხვა მოწილეების ქონებას, იგი მოცემულ საქმეში მოპასუხედ ვერ იქნებოდა ჩაბმული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის განხილვის დროს საქმეში მოპასუხედ კანონის სრული დაცვით მოწვეული იყო ზ.ზ-ე. გადაწყვეტილებებიც მის საკუთრებაში არსებულ ქონებას ეხება და, აქედან გამომდინარე, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმის განხილვაში განმცხადებელი მონაწილეობას ვერ მიიღებდა მოპასუხის სახით და ვერც სასამართლო ჩააბამდა მხარედ პროცესში.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს 2004წ. 21 იანვრის, 2003წ. 11 მარტისა და 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, მაგრამ ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული გადაწყვეტილებების არსებობა მისთვის ცნობილი გახდა 2004წ. 16 ნოემბრის შემდეგ და მის მიერ დაცულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთ თვიანი ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. დ-ის განცხადება მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 ივლისის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოებით განახლების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდეს, ასევე არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლბა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.