ბათილად ცნობა

სამოქალაქო 24.11.2005
საქმის ნომერი
ა-1747-ბ-23-05
კატეგორია
დავის ტიპი
ბათილად ცნობა
თარიღი
24.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-1747-ბ-23-05 ა-1747-ბ-23-05 24 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ე ცნობილ იქნა ა. ფ-ის მემკვიდრედ და ქ. თბილისში, ... ბინა ¹42-ის მესაკუთრედ. ნ. დ-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 მაისის განჩინებით უ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე არ დაკმაყოფილდა.

2005წ. 20 ივნისს ნ. დ-ის ადვოკატმა კვლავ მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, განმცხადებელმა წარმოადგინა ნ. დ-ის მეზობლების წერილობითი განმარტება. განმცხადებლის მოსაზრებით, ამ ორი მოწმის განმარტების მიხედვით ანდერძი ყალბია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა უ. დ-ის განცხადება და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სარჩელი სადავო ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. დ-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი არ გაუქმებულა.

უზენაესი სასამართლოს 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ე ცნობილ იქნა ა. ფ-ის მემკვიდრედ, ემყარება ზემოთ მითითებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს, რომლითაც დადგენილია ანდერძის ნამდვილობა. შესაბამისად, მხარის მიერ ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი მოწმის განმარტებები, ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან ანდერძის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომელსაც ემყარება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაუქმებულა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. დ-ის ადვოკატის, უ. დ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.