უარი ეთქვა

სამოქალაქო 30.06.2006
საქმის ნომერი
ა-2186-ბ-35-05
კატეგორია
დავის ტიპი
ბათილად ცნობა
თარიღი
30.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ა-2186-ბ-35-05 30 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება (სარჩელში); ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ.ბ-ოვას სარჩელი; გაუქმდა რ. ბ-ოვას საძინებელი ოთახის თავზე ზ. ზ-ძის საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სანიტარული კვანძი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ზ-ძის შეგებებული სარჩელი. შეგებებული სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ოთახის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი საერთო სახურავის რემონტისა და მოვლის ხარჯების შესახებ და რ.ბ-ოვას ზ.ზ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 806,6ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ოვასა და ზ. ზ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შევიდა ცვლილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ზ.ზ-ძეს უარი ეთქვა საერთო სახურავის რემონტის თანხის დაკისრებაზე ხანდაზმულობის გამო, ხოლო რ. ბ-ოვას უარი ეთქვა სარჩელზე ზ.ზ-ძის საცხოვრებელ სახლში სანიტარული კვანძის გაუქმებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით რ.ბ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა - გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ზ-ძის საცხოვრებელ სახლში სანიტარული კვანძის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ.ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ბ-ოვას საძინებელი ოთახის თავზე განლაგებული, ზ. ზ-ძის კუთვნილი სანიტარული კვანძი. დანარჩენ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ლ. და ნ. ზ-ძეებმა 2005წ. 29 ივლისს განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განმცხადებლების განმარტებით, 2005წ. 19 ივლისს ქ.ქუთაისში, ...ის ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ლ. დ-იანი, ნ. და ლ. ზ-ძეები, ამიტომ ზ. ზ-ძე არ წარმოადგენს ამ ბინის ერთადერთ მესაკუთრეს.

ლ. და ნ. ზ-ძეების განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 2005წ. 26 ივლისს, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მიიღეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მეშვეობით. მათი მითითებით, ამის გამო, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველის ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოერკვია მემკვიდრეთა წრე, რომლებიც სადავო ქონებას ფლობდნენ და ყველა მათგანი უნდა მოეწვია სხდომაზე. მათთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ სასამართლოში დავა მიმდინარეობდა სანიტარული კვანძის გაუქმების თაობაზე, აღნიშნულის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2005წ. 26 ივლისს და შესაბამისად, არ ჰქონდათ საშუალება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წამოეყენებინათ საკუთარი მოსაზრებები.

განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს, რომ 2005წ. 18 ივლისს ლ. და ნ. ზ-ძეებმა და ლ.დ-იანმა აიღეს სამკვიდრო მოწმობა და სადავო სახლის ნაწილი აღირიცხა მათ საკუთრებად. სადავო სახლის მათ საკუთრებად აღრიცხვა წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. ამ გარემოებათა არსებობა გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რადგან, ისინი, როგორც მესაკუთრეები დაადასტურებდნენ დავის ხანდაზმულობას და სათანადო პროექტით აგებული სანიტარული კვანძის არსებობის კანონიერებას. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ დაცული აქვთ სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რაც დასტურდება სამკვიდრო მოწმობის ასლით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, გადაწყვეტილების გაცემის შესახებ განცხადებითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 26 ივლისის ¹876 წერილით.

განმცხადებლებმა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება რ. ბ-ოვას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებით რ.ბ-ოვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ლ. და ნ. ზ-ძეების განცხადების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით რ.ბ-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა - გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ზ-ძის საცხოვრებელ სახლში სანიტარული კვანძის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ.ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ბ-ოვას საძინებელი ოთახის თავზე განლაგებული ზ. ზ-ძის კუთვნილი სანიტარული კვანძი. დანარჩენ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლების მითითებას, რომ 2005წ. 18 ივლისს მათ მიერ სამკვიდრო მოწმობის აღება და სადავო სახლის მათ საკუთრებად აღრიცხვა წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია. სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან მოცემული საქმის განხილვისას განმცხადებლები სადავო ბინის მესაკუთრეებს არ წარმოადგენდნენ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ შეხებია მათ ქონებას და მხოლოდ 2005წ. 19 ივლისს დარეგისტრირდნენ ბინის მესაკუთრედ, ამ შემთხვევაში მათ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით დ-გენილი წესის შესაბამისად შეიძინეს საკუთრების უფლება, შესაბამისად, ეს გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 430-ე,284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. და ნ. ზ-ძეების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.