უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-3491-ბ-48-06 9 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინებით უ. დ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე უ. დ-შვილის სარჩელი მოპასუხეებისათვის სოლიდარულად მორალური ზიანის - 20 მილიონი ლარის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.
უ. დ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიუთითა დავის საგანზე _ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან მისი დავის საგანია მეანაბრეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, რომლის შეუსრულებლობამაც წარმოშვა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. საოლქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია იგი არასათანადო მოსარჩელედ, მაშინ როცა იგი „მ.კ-ს“ დამფუძნებელია და აქვს უფლება, რომ დაიცვას მათი ინტერესები ყველა სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებში. გარდა ამისა, საქმე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე, რამაც გამოიწვია უკანონო განჩინების გამოტანა. განმცხადებელს ასევე მიაჩნია, რომ მოსამართლეები დაინტერესებული იყვნენ საქმის შედეგით და განზრახ დანაშაულებრივი მოქმედებით დაარღვიეს კანონები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა უ. დ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა უ. დ-შვილის განცხადებაში მოყვანილ არგუმენტებზე, რაც ნათლად არის დასაბუთებული ზემოაღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მოსამართლის დანაშაულებრივიქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილისთანახმად,საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობსკანონიერძალაშიშესული
სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან, თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.
მითითებული ნორმის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დამტკიცებული იქნება მოსამართლეების დანაშაულებრივი ქმედება ამ საქმეზე. სსკ-ის102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამ საქმეში მონაწილე მოსამართლეების მიმართ განაჩენი, ასევე, განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება რითაც იგი დაადასტურებდა მათ დანაშაულებრივ ქმედებას.
სსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ საკასაციო წარმოება რაიონული და სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის წესისაგან განსხვავდება. საკასაციო სასამართლო არ იხილავს საქმეს არსებითად, შესაბამისად, არ ახდენს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, არ იღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ა.შ.
სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს სწორედ ამ ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვის სპეციფიკის გათვალისწინებით აქვს უფლება, რომ განიხილოს საქმე ზეპირი განხილვის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უ. დ-შვილის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უ. დ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.