შუამდგომლობა

სამოქალაქო 04.06.2001
საქმის ნომერი
3ა/3
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
04.06.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3ა/3 4 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე, ბ. კობერიძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” (უკრაინა) შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმეზე _ შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” (უკრაინა) სარჩელის გამო, შპს-ის “აგროიმპექსი” წარმომადგენლობის (საქართველო) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალტასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შპს-ის “აგროიმპექსი” წარმომადგენლობას (საქართველო) დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ 21132,52 აშშ დოლარის გადახდა შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” (უკრაინა) სასარგებლოდ. აღნიშნული თანხიდან 18124,1 აშშ დოლარი არის მიწოდებული საქონლის ღირებულება, 1812,24 აშშ დოლარი _ საურავი საქონლის ღირებულების გადახდის ვადის გადაცილებისათვის და 1196,18 აშშ დოლარი _ საარბიტრაჟო სასამართლოს მოსაკრებლის ხარჯები.

შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” გენერალურმა დირექტორმა ო. ლ-ეცმა წერილობითი შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულ შუამდგომლობას თან ერთვოდა ყველა ის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებულია “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შპს “აგროიმპექსის” წარმომადგენლობას შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების გადაცემისას, პალატის 2001 წლის 29 იანვრის განჩინებით განემარტა, რომ მას ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება. აგრეთვე, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდებოდა, თუ ამას მხარეები არ მოითხოვდნენ.

შპს “აგროიმპექსი” წარმომადგენლობას დაევალა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა შეპასუხება 2001 წლის 28 თებერვლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” შუამდგომლობას განიხილავდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ა/წ 1 მარტს პალატაში შემოვიდა შპს კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისათვის აუცილებელი დოკუმენტების დროულად წარდგენას წარმომადგენლობა ვერ ახერხებდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული საბუთები ინახებოდა კომპანია “აგროიმპექსის” მთავარ ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. დნეპროპეტროვსკში.

შპს კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ა. კ-უკი განცხადებით ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას იმ საფუძვლით, რომ უმოკლეს ვადაში წარადგენდა ყველა აუცილებელ დოკუმენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო სასამართლოს 2001 წლის 1 ივნისის განჩინებით შპს კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობას (საქართველო) გაუგრძელდა შეპასუხების წარდგენის ვადა.

ა/წ 31 მაისს კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობამ (საქართველო) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც აღნიშნა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობა საქართველოში არ წარმოადგენს იურიდულ პირს, ამდენად, ყველა პრეტენზია მიმართული უნდა ყოფილიყო სათავო საწარმოს მიმართ. გარდა ამისა, შუამდგომლობაში მითითებულია, რომ შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოებამ “უკრლიგა” დაარღვია აღნიშნული კონტრაქტის პირობები.

კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობა საქართველოში ითხოვს უარი ეთქვას შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოებას “უკრლიგა” შუამდგომლობის განხილვაზე.

ვინაიდან კომპანია “აგროიმპექსის” წარმომადგენლობამ არ ითხოვა საქმის ზეპირი განხილვა, საკასაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რადგან დაცულია ზემოთ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობები.

პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ” კონვენციის (ნიუ-იორკი, 1958წ.) 1-ლი, მე-3 მუხლებით, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 91-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს სამეცნიერო-სამრეწველო საზოგადოების “უკრლიგა” (უკრაინა) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2000 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და იგი დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად გაეგზავნოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სააღსრულებო ბიუროს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.