გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-334-02 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე)
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხება მ. ვ-იანის და აწ გარდაცვლილ პ. მ-ოვას სახელზე, თითოეულზე სახლის 1\2-1\2 ნაწილი.
მ. ვ-იანის წარმომადგენელმა ლ. ვ-იანმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოში შეტანილი განცხადებით იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ ითხოვა იმ ფაქტის დადგენა, რომ თანასაკუთრებაში არსებული სახლიდან 1\2 წილის შესაბამისად საკუთრების უფლებით ფლობს სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, დამხმარე სათავსოებს და ეზოს ნაწილს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ვ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\2 ეკუთვნის მ. ვ-იანს. კერძოდ, მის საკუთრებაშია პირველ სართულზე განთავსებული ოთახები: ¹6 ფართით 7,8 კვ.მ., ¹9 ფართით 25,44 კვ.მ., შესასვლელი ¹7 ფართით 3,6 კვ.მ., სამზარეულო ¹8 ფართით - 3,8 კვ.მ., სარდაფი ფართით 15,90 კვ.მ., საქვაბე ფართით - 2,7 კვ.მ., ეზო ფართით - 5,3X2,5მ, საპირფარეშო 1,2X1,2მ, სათავსო 5,3X1,5მ მეორე სართულზე განთავსებული ოთახები: ¹20 ფართით 15,90 კვ.მ., ¹21 ფართით 25,44 კვ.მ., შესასვლელი ¹19 ფართით 5,94 კვ.მ., სამზარეულო ¹18 ფართით 7,2 კვ.მ., აივანი ფართით 4,20 კვ.მ., დამხმარე სათავსო ¹15 ფართით 3,0 კვ.მ., აბაზანა ¹16 ფართით 2,38 კვ.მ. და სამზარეულო ¹17 ფართით 1,4, კვ.მ.
გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოფნებლივ აღსასრულებლად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2001წ. 16 ოქტომბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ოვამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მ. ვ-იანის წარმომადგენლის ლ. ვ-იანის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ დარჩა განუხილველი. სასამართლომ ე. მ-ოვა მიიჩნია, რომ მართალია ე. მ-ოვა საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს, მაგრამ მას მაინც ჰქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. 2001წ. 16 აგვისტოს რაიონული სასამართლოში შეტანილი დამატებითი სარჩელით ე. მ-ოვა ითხოვდა მ. ვ-იანის მფლობელობაში არსებულ სახლის ნაწილზე; მესაკუთრედ ცნობას და რომ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენით შეილახა ე. მ-ოვას ინტერესები. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის II ნაწილის თანახმად რაიონულ სასამართლოს მ. ვ-იანის განცხადება უნდა დაეტოვებინა განუხილველად ხოლო განმცხადებლისათვის უნდა განემარტა, რომ სარჩელი წარედგინა საერთო საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ლ. ვ-იანის წარმომადგენელმა ნ. ბ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ე. მ-ოვას არ ჰქონდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რადგან იგი საქმეში არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით; გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. მ-ოვა არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა უდავო წარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. რადგან უდავო წარმოების დროს არ არიან არც მხარეები და არც მე-3 პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და არის მხოლოდ განმცხადებელი, ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ იურიდიული ფაქტის დადგენით შეილახა მისი უფლება. სსკ-ის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების დროს აღიძვრის დავა, სასამართლო განცხადებას განუხილველად ტოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. თუ დაინტერესებულმა პირებმა გაიგეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შეუძლიათ სააპელაციო წესით მოითხოვონ მისი გაუქმება და საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა, თუ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა შესული კანონიერ ძალაში. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. მ-ოვას მიერ გაშვებულია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადა. რადგან გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო ე. მ-ოვამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 თვის შემდეგ _ 2001წ. 16 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს იგი არ უნდა განეხილა.
ე. მ-ოვა სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ იგი არ ყოფილა მხარედ მოწვეული საქმის განხილვაში და რომ გადაწყვეტილების გამოტანით შეილახა მისი უფლებები. ასეთ ვითარებაში სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა ე. მ-ოვას სააპელაციო საჩივარი ხომ არ წარმოადგენს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ვ-იანის წარმომადგენლის ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.