შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1143 აპ. 19ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის - გ.ბუხრაშვილის
პროკურორ - ნ. ნ-ის
ადვოკატ - პ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველის, ავდოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბერის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. კ-ძე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე იმავე განაჩენით დაეკისრა დაზარალებულ ნ. ნ-ის სასარგებლოდ ალიმენტის დავალიანების თანხის - 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა.
განაჩენით რ. კ-ეს მსჯავრი დაედო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის თავის არიდების გამო, რაც გამოიხატა შემდეგში:
მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა თავისი მცირეწლოვანი შვილის – ა. კ-ის შესანახი სარჩოს – ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე. მიუხედავად ამისა, 2004 წლის აპრილიდან 2005 წლის აპრილამდე იგი შვილის რჩენისათვის მასზე დაკისრებული სარჩოს - ალიმენტის გადახდას ჯიუტად არიდებდა თავს, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 1300 (ათას სამასი ) ლარი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა პ. -ემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად რ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ მსჯავრდებული განზრახ არიდებდა თავს საალიმენტო ვალდებულების შესრულებას, ხოლო განაჩენი არის დაუსაბუთებელი და ემყარება ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რ. კ-ის დამნაშავედ ცნობას.
დაცვის მხარის მიერ შეტანილი საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა საჩივრის მოთხოვნა, 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ რ. კ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი, იმავე მოტივებიდან გამომდინარე, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა ამავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-ემ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და აღნიშნა შემდეგი: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ. კ-ეს არა აქვს სამუშაო, არ გააჩნია ქონება ან რაიმე შემოსავალი, რითაც იგი შეძლებდა საალიმენტო დავალიანების დაფარვას. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იგი განზრახ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას. ამჟამად რ. კ-ძე აპირებს მუშაობის დაწყებას და გამოთქვამს ალიმენტის დავალიანების თანდათან დაფარვის სურვილს. ადვოკატმა პ. ბ-ემ იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული დოკუმენტური თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. კ-ძე განზრახ, ჯიუტად არიდებდა თავს ალიმენტის გადახდას. დაცვის მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტები არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურორმა ნ. ნ-ემ იშუამდგომლა პალატის წინაშე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ სააღსრულებო სამსახურმა დააყადაღა მსჯავრდებულ რ. კ-ის მანდარინის მოსავალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას გააჩნდა გარკვეული შემოსავალი და მაშასადამე, იმის შესაძლებლობაც, რომ დროთა განმავლობაში გადაეხადა ალიმენტის დავალიანების ნაწილი მაინც, მაგრამ მან, მიუხედავად ამისა, თავი აარიდა მის გადახდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებული რ. კ-ძე ყოველგვარ შესაძლებლობას იყო მოკლებული, რომ ალიმენტი გადაეხადა, რის გამოც პალატას მისი ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია.
ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული ქონებრივი სასჯელი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით _ არის ზედმეტად მკაცრი და კიდევ უფრო დაამძიმებს მის მატერიალურ მდგომარეობას, რაც ხელს ვერ შეუწყობს დაზარალებულის სასარგებლოდ ალიმენტის დავალიანების დროულად ანაზღაურებას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული ჯარიმის ოდენობა შემცირდეს კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვრამდე და იგი განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით, რის გამოც შესაბამისი ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ რ. კ-ის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ რ. კ-ეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით _ შეუმცირდეს და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.