განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.07.2007
საქმის ნომერი
2კ-10-I-07
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

101 5 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ბ-ის

ადვოკატ _ პ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ რ. კ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ. კ-ძე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის საფუძველზე და მას სასჯელის ზომად შეეფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ 1300 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ უცვლელად დატოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

2006 წლის 19 დეკემბერს მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. განცხადებით იგი ითხოვდა რ. კ-ის ბრალდების საქეზე დაცვის მხარის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მოხდა 2006 წლის 2 ნოემბერს, რის შესახებაც ცნობილი არ იყო არც მსჯავრდებულისა და არც მისი დამცველისათვის, ხოლო სასამართლოს მიერ გაგზავნილი განაჩენის ასლი მსჯავრდებულს ჩაბარდა 2006 წლის 4 დეკემბერს, როდესაც საკასაციო გასაჩივრების ვადა უკვე გასული იყო. ადვოკატ პ. ბ-ის განცხადებას თან ერთვოდა მის მიერ შედგენილი საკასაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა აღნიშნული განცხადების მოთხოვნა და 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი უთხრა გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე ადვოკატმა პ. ბ-ემ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იმავე მოტივის საფუძველზე, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოში შეტანილ განცხადებაში, ითხოვს რ. კ-ის ბრალდების საქმეზე დაცვის მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა რ. კ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-ემ მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ზემოხსენებული მოტივით ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ი. ბ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს დროულად გაუგზავნა განაჩენის ასლი, რის გამოც არ არსებობს საფუძველი გასაჩივრებული განჩინების გასაუქმებლად. პროკურორმა ი. ბ-ემ ითხოვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი და გასაჩივრებული განჩინება, ასევე, საქმის სხვა მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ რ. კ-ის ბრალდების საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო საქმის განხილვის დღის შესახებ დაცვის მხარის წარმომადგენლებს შეტყობინება არ გაგზავნია, ვინაიდან სასამართლოს ასეთ ვალდებულებას მოქმედი საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს. მართალია, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ასლი მსჯავრდებულ რ. კ-ეს დროულად გაეგზავნა, მაგრამ რეალურად აღნიშნული გზავნილი მსჯავრდებულს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც უკვე გასული იყო საკასაციო საჩივრის შესატანად საპროცესო კანონით დადგენილი ვადა. აღნიშნული გარემოება დასტურდება დაცვის მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტით (¹--\--. --, 2007წ.), რომელიც გაცემულია საქართველოს ფოსტის ფილიალის _ “---ის” მიერ და რომლის მიხედვით, შეკვეთილი გზავნილი --, რომელიც იგზავნებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან რ. კ-ის სახელზე, მას ჩაბარდა 2007 წლის 4 დეკემბერს. საკასაციო გასაჩივრების ვადა კი გავიდა 2007 წლის 2 დეკემბერს.

აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებული რ. კ-ძე და მისი დამცველი მოკლებულნი იყვნენ ობიექტურ შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი შეეტანათ საპროცესო კანონით დადგენილ ვადაში, ე.ი. საკასაციო გასაჩივრების ვადა მათ გაუშვეს საპატიო მიზეზით, მათი ბრალის გარეშე. განხილულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. კ-ეს უნდა აღუდგეს საკასაციო გასაჩივრების ვადა და მისი დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი საკასაციო საჩივარი, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე დროს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმაზეც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის მიერ შეტანილ განცხადებაზე სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა კანონით დადგენილი საპროცესო ფორმის დარღვევით, კერძოდ, ვინაიდან ხსენებული განცხადება მოსამართლემ განიხილა ერთპიროვნულად, გამოტანილი უნდა ყოფილიყო დადგენილება და არა განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებულ რამაზ კომახიძეს აღუდგეს საკასაციო გასაჩივრების ვადა, რომელიც მან გაუშვა საპატიო მიზეზით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცვველის, ადვოკატ პ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე მსჯავრდებულ რ. კ-ის დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მსჯავრდებულ რ. კ-ეს აღუდგეს მის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.