შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.10.2007
საქმის ნომერი
137საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹137/საზ 12 ოქტომბერი, 2007 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 26 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ლი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 2091 მუხლის მეორე ნაწილითა (პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფა) და ამავე კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველის სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, სასჯელის საბოლოო ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აქედან პირველი სამი წლის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენის _ სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. თ. გ-ლი სასჯელს იხდის 1996 წლის 28 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებული თ. გ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 26 აგვისტოს განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ თ. გ-ის საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ან სასჯელის განსაკუთრებული ზომა _ სიკვდილით დასჯა. სსკ-ის 2091 მუხლი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (განზრახ მკვლელობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამასთან, თ. გ-ლს სასჯელის ზომა უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, მას საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლის მე-2 ნაწილით (მითითებული რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი _ 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და თ. გ-ლს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ თ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა და ამავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს. ამასთან, თ. გ-სათვის განაჩენით შეფარდებული სხვა სასჯელები, თანახმად საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლისა (მითითებული რედაქცია), შთანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე განსაზღვრული სასჯელით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 26 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის თ. გ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სხვა სასჯელები, რის გამოც მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში თ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.