შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 29.11.2007
საქმის ნომერი
380საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.11.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹380/საზ 29 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ჭ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 16 იანვრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 16 იანვრის განაჩენით კ. ჭ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით, 17,104-ე მუხლის II, IV, VI პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის II, IV, VI პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, კ. ჭ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებული კ. ჭ-ძე შეწყალებულ იქნა და განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1996 წლის 8 მაისიდან.

მსჯავრდებული კ. ჭ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 16 იანვრის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ კ. ჭ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის III ნაწილით, 157-ე მუხლის II ნაწილით, 17,104-ე მუხლის II, IV, VI პუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან, პალატის აზრით, განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ კ. ჭ-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II, IV, VI პუნქტების საფუძველზე (1960 წლის რედაქცია) შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო კ. ჭ-ეს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ამრიგად, კ. ჭ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, რამდენჯერმე შეიცვალა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას და რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ჭ-ეს სასჯელი _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ჭ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 16 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ და კ. ჭ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.