შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 24.04.2007
საქმის ნომერი
62საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.04.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹62/საზ ქ. თბილისი

24 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 3 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 3 მარტის განაჩენით:

მსჯავრდებული ი. ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ი. ბ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა;

ა. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ა. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან 5 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი 10 წელი _ გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 21 ივლისიდან;

მ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 205-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მ. მ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 21 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის -- ივლისის ¹-- ბრძანებულებით მსჯავრდებულ ი. ბ-ას სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით მსჯავრდებულ ი. ბ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და გადაზიდვა; გამოძალვა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; ადამიანის მოტაცება, ჩადენილი ანგარებით; განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.

მსჯავრდებული ი. ბ-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას ამ კანონის მიხედვით.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ი. ბ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს. მან აღნიშნა ი. ბ-ას მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მისი მსჯავრდების სამართლებრივ შედეგზე. ადვოკატმა მიუთითა, რომ ი. ბ-ას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის (ზემოხსენებული რედაქცია) სანქცია დამამძიმებელ გარემოებაში _ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას ანდა თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით. აღნიშნული ქმედებისათვის სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა კანონი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ზომების გათვალისწინებით, ხოლო მათ შორის ყველაზე მსუბუქია მითითებული სანქცია. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. ბ-ას ამჟამად სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ადვოკატმა ნ. ბ-მა ითხოვა შესაბამისი ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ი. ბ-ას სასიკეთოდ.

პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა, მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არსებით გავლენას ახდენენ ი. ბ-ას მსჯავრდების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება განაჩენით დანიშნულ სასჯელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ას სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. ბ-ას პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მსჯავრდებულ ი. ბ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 133-ე მუხლით, 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ადამიანის მოტაცებისათვის ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ბ-ას განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ი. ბ-ას, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

ამრიგად, ი. ბ-ას მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ი. ბ-ას მიერ განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6, მე-7 პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში ი. ბ-ას ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ას სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის -- თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ას, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 3 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ას საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ა. გ-სა და მ. მ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

განაჩენით ა. გ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 133-ე მუხლით, 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ადამიანის მოტაცებისათვის ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან და მას უნდა მიესაჯოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. მ-ლს, მის მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 205-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ბ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 3 მარტის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ი. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ი. ბ-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეორე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 1994 წლის 21 ივლისიდან;

მსჯავრდებულ ა. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ა. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.