შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
199-საზ ქ. თბილისი
18 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 4 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 4 ივნისის განაჩენით:
გ. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 150-ე მუხლის მეორე ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით – სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა;
ზ. ს-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 205-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 251-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობით, შრომაში სავალდებულო ჩაბმით.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით გ. თ-ლს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
განაჩენი გ. თ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება; ქურდობა, ესე იგი მოქალაქეთა პირადი ქონების ფარული გატაცება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს; ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
მსჯავრდებული გ. თ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთა შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. თ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მსჯავრდებულ გ. თ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე, მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მსჯავრდებულ გ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შერაცხული ბრალდება, ვინაიდან ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ქმედების დანაშაულებრიობა გაუქმებულია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი – 60 ლარი, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ.თ-ლს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება.
გ.თ-ლს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახი მკვლეობისათვის, რაშიც ბრალი დაედო გ.თ-ლს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე – თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღეკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად გ.თ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, გ.თ-ის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას – მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში გ.თეთრაულის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ.თ-ლს სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ.თ-ლს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით ვადით – მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 4 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზ. ს-ვს, საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის4 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. თ-ლს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება.
მსჯავრდებულ გ. თ-ლს ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) წარდგენილი ბრალდება;
მსჯავრდებულ გ. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან – 1996 წლის 4 დეკემბრიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.