შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 01.10.2007
საქმის ნომერი
222საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
01.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹222/საზ ქ. თბილისი

1 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 26 ივლისის დადგენილების გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ს. რ-ის ძე გ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 105-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

1999 წლის 1 იანვარს ს. გ-ნი იმყოფებოდა ქ. თბილისში, თავისი მეუღლის _ ხ. ჩ-ის სახლში, სადაც დალია სასმელი და დაახლოებით 19 საათზე წავიდა სახლიდან. 21 საათზე მთვრალი ს. გ-ნი უკან დაბრუნდა და მეუღლესთან მოუხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც მივიდა თავის სახლში, აიღო დანა და მეუღლის მოკვლის განზრახვით დაბრუნდა ხ. ჩ-ის ბინაში. ს. გ-მა შურისძიებით მოტივით და მოკვლის მიზნით მეუღლეს ორჯერ დაარტყა დანა, მათგან ერთ-ერთი ჭრილობა დუნდულოს არეში აღმოჩნდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა და ხ. ჩ-ნი გარდაიცვალა.

ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ს. გ-ნს მიესაჯა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 30 მარტიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 15 მარტის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო საოლქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 19 მაისის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 26 ივლისის დადგენილებით პირველი ინსტანციისა და საოლქო სასამართლოების განაჩენები, ასევე _ უზენაესი სასამართლოს განჩინება შეიცვალა: ს. გ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 105-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

გარდა ამისა, ს. გ-ნი 2002 წლის 16 მაისს გაასამართლა გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის მიუსაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 2 თვე, 16 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 8 თვითა და 16 დღით, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 14 იანვრიდან.

ადვოკატი მ. ლ-ძე საჩივარში აღნიშნავს, რომ ს. გ-ის ქმედებას ითვალისწინებდა 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის 119-ე მუხლი და ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რისთვისაც სასჯელად დადგენილია 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს. დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ზომა ს. გ-მა მთლიანად მოიხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს ს. გ-ის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მსჯავრდებულის გათავისუფლებას პატიმრობიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა ს. გ-ის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ს. გ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ და ს. გ-სათვის ბრალად შერაცხულ ქმედებას (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, თუ მან სიკვდილი გამოიწვია) ითვალისწინებდა სსკ-ის 119-ე მუხლი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), რომლის სანქციით სასჯელად დადგენილი იყო 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ს. გ-ის ქმედებას მოიცავს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სასჯელად ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს. ასეთ შემთხვევაში, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის ახალ კანონს აქვს უკუძალა და მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ახალი კანონის სანქციის ფარგლებში.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

იმის გათვალისწინებით, რომ ს. გ-ნს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით უნდა დაენიშნოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის მიმართ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს _ 6 თვით თავისუფლებას აღკვეთას მთლიანად უნდა დაემატოს წინა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 2 თვე, 16 დღე და საბოლოოდ ს. გ-ნს უნდა მიესაჯოს 3 წლით, 8 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2002 წლის 14 იანვრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. გ-ნს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის დადგენილება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. გ-ის ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სსკ-ის რედაქციის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ს. გ-სათვის მისჯილ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის დადგენილებით დანიშნული და მოუხდელი სასჯელიდან 3 (სამი) წლით, 2 (ორი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით, 8 (რვა) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2002 წლის 14 იანვრიდან.

მსჯავრდებულ ს. გ-ნს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული დადგენილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.