ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1721აპ. 4 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. N-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენით ე. Nნ-ი, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, , მცხოვრები ......., _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, ე. N-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, მთვრალი ე. N-ი, მართავდა რა თავის კუთვნილ ,,ოპელ-ვექტრას’’ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ,,..., მოძრაობდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ქ. სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე, მოძრაობდა რა სენაკიდან ზუგდიდის მიმართულებით, მან დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების 28.9, 29.1 მუხლებითა და 38.2-ის მუხლის ,,დ’’ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც ვერ უზრუნველყო თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სწორი მართვა და იგი წინა, მარცხენა ფრთით შეეჯახა იმავე მიმართულებით ქვეითად მიმავალ ც. თ-ს, რის შედეგად ც. თ-მ მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. იგი გადაყვანილ იქნა სენაკის ¹1 საავადმყოფოში, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. Nნ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მა. თავისი საჩივრით აპელანტები ითხოვდნენ მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, ე. Nნ-სათვის 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის _ პირობით ჩათვლას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ე. Nნ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ გ. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ე. N-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ე. Nნ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ისინი ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა მოინანია თავისი ქმედება და აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან. ადვოკატის აზრით, ვინაიდან მსჯავრდებულმა ე. N-მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სასჯელის დანიშვნისას გამოეყენებინა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მითითებები, რაც ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით ჩათვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ე. Nნ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საქმის მასალებით უდავოდ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა ე. Nნ-მა ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც თვით მსჯავრდებულიც არ უარყოფს.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე. Nნ-სათვის თავისუფლების აღკვეთისა და ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულ ე. N-ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც ვერ ჩაითვლება უსამართლო ან ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. Nნ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მას სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა გაუნახევრდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ე. Nნ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. Nნ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ გ. Aა-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ე. Nნ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელები _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, აგრეთვე ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით _ გაუნახევრდეს და მას საბოლოო სასჯელებად განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.