შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
268აპ-08 5 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ბ. ბ-ისა და დ. ლ-ის დამცველი ადვოკატების _ ვ. ხ-ისა და კ. წ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ბ. ბ-ს, _ დაბადებულს ….. წელს ქობულეთის რაიონში, საქართველოს მოქალაქეს, ……… განათლებით, ცოლშვილიანს, ნასამართლობის მქონეს, მცხოვრებს ქობულეთის რაიონის სოფელ ც-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფს და დ. ლ-ს, _ დაბადებულს …… წელს ქობულეთის რაიონში, საქართველოს მოქალაქეს, ………. განათლებით, უცოლშვილოს, ნასამართლობის არმქონეს, მცხოვრებს ქობულეთის რაიონის სოფელ კ-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, _ ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ», «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში _ ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკითა და არაერთგზის.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბ. ბ-ისა და დ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ბ. ბ-ს, რომელიც წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის იყო პირობით მსჯავრდებული სამი წლის გამოსაცდელი ვადით, ქ. ქობულეთში მცხოვრებ თ. ბ-სთან 2006 წლის სექტემბრიდან ჰქონდა უთანხმოება ავტომანქანის გაყიდვისა და თანხის მიღების თაობაზე. აღნიშნულზე განაწყენებული ბ. ბ. და მისი თხოვნით, ასევე დ. ლ-ი 2007 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 2 საათზე, ჯგუფურად, თ. ბ-ის განზრახ მოკვლის მიზნით, მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მეორე სართულზე მდებარე მისაღებ ოთახში ბ. ბ-სა და თ. ბ-ს შორის გაიმართა საუბარი, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. ბ. ბ-მ თანნაქონი ნაჯახით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ნაწილში თ. ბ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი ჭრილობები. ამის შემდეგ ბ. ბ-მ იქვე, ოთახში, არსებული დანით და დ. ლ-მ თანნაქონი დანით თ. ბ-ს განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები. თ. ბ. მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო თ. ბ-ის შვილი _ გ. ბ., რომელიც დაედევნა მათ დ.ავიყ აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით. ამ ქუჩაზე მდებარე «პროკრედიტ ბანკის» ოფისის წინ ბ. ბ-მ და დ. ლ-მ ჯგუფურად, არაერთგზის, ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, დანების მრავალჯერადი დარტყმებით გ. ბ-ს სხეულის სხვადასხვა ნაწილში მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო გ. ბ. გადაიყვანეს ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.
ბ. ბ-ისა და დ ლ-ის ბრალდების საქმე განიხილა ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2007 წლის 27 ივლისის განაჩენით ბ. ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ», «ე» ქვეპუნქტების საფუძველზე, რისთვისაც მას სასჯელად შეუფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ იმავე განაჩენით დ. ლ-ი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «ე» ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში _ ორი პირის განზრახ მკვლელობის არაერთგზის ჩადენაში, ამასთან, იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე _ ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. კ-მ, აგრეთვე მსჯავრდებულებმა _ ბ. ბ-მ, დ. ლ-მ და მათმა დამცველმა, ადვოკატმა ვ. ხ-მ.
აპელანტი, სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას დ. ლ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში, ვინაიდან იგი მიაჩნდა დაუსაბუთებლად და _ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას აღნიშნულ ნაწილში, რასაც ასაბუთებდა შემდეგი მოტივით: განაჩენში ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ბრალდების გამაბათილებელ გარემოებებზე და მითითებულია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს დ. ლ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ბრალდება გაჯერებული არ არის მყარი მტკიცებულებებით. ამავე დროს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბრალის დამადასტურებელი მყარი არგუმენტები. სასამართლოს მთლიანად უნდა გაეთვალისწინებინა და გაეზიარებინა დაზარალებულ ნ. ი-ის ჩვენება, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ ბ. ბ. და დ. ლ-ი ნამდვილად იმყოფებოდნენ თ. -ის ოთახში და აწ გარდაცვლილებს ორივე აყენებდა დაზიანებებს, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა, როგორც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება.
აპელანტები, მსჯავრდებულები _ ბ. ბ., დ. ლ-ი და მათი დამცველი, ადვოკატი ვ. ხ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენის შეცვლას, კერძოდ, ბ. ბ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველ ნაწილსა და იმავე კოდექსის 113-ე მუხლზე (მკვლელობა, ჩადენილი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და მკვლელობა, ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), ხოლო დ. ლ-ის მიმართ _ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებდნენ შემდეგი მოტივებით: განაჩენი როგორც ბ. ბ-ის, ასევე დ. ლ-ის მსჯავრდების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბ. ბ-მ მკვლელობები ჩაიდინა ორმხრივი ჩხუბის დროს, უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ფაქტობრივად მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა; საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები ბ. ბ-ის მიმართ იმ ქმედების ბრალად შერაცხვისათვის, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად და დადასტურებულად; რაც შეეხება დ. ლ-ის ბრალდებას, მას საერთოდ არ ჩაუდენია რაიმე დანაშაული, იგი მხოლოდ აშველებდა ბ. ბ-სა და თ. ბ-ს; საქმეში არ მოიპოვება ისეთი სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება, საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს დ. ლ-ის მიმართ.
სააპელაციო საჩივრები განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტთა მოთხოვნები, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილება: ბ. ბ-ს მსჯავრდებიდან ამოურიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ბრალდება აღნიშნული ქვეპუნქტით მსჯავრდებულს ზედმეტად ჰქონდა წარდგენილი. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ ბ. ბ-ისა და დ. ლ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა _ ბ. ბ-მ, დ. ლ-მ და მატმა. დამცველმა, ადვოკატმა ვ. ხ-მ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც აყენებდნენ იმავე მოთხოვნებს, რის თაობაზეც წინათ ჰქონდათ მითითებული სააპელაციო საჩივარში. ამის შემდეგ იმავე კასატორებმა, ადვოკატ კ. წ-თან ერთად, საპროცესო კანონით დადგენილ ვადაში შეიტანეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანას მსჯავრდებულთა სასიკეთოდ, კერძოდ: ბ. ბ-ის მსჯავრდებიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებზე მითითების ამორიცხვას, ასევე _ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებასა და განაჩენით მისთვის დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლას ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. კასატორები ითხოვენ აგრეთვე დ. ლ-ის მსჯავრდებიდან საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე მითითების ამორიცხვასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
კასატორები თავიანთ საჩივარში მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არასწორად დაკვალიფიცირდა მსჯავრდებულთა ქმედებები, რა დროსაც ფაქტობრივად განაჩენი გასცდა საბრალდებო დასკვნის ფარგლებს; ამასთან, განაჩენი დაუსაბუთებელია ჩადენილი ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით კვალიფიკაციის ნაწილში, ხოლო სასჯელთა დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ბ. ბ-ის, დ. ლ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ბ. ბე-ს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებში. ის ფაქტი, რომ ბ. ბ-მ ჯერ განზრახ მოკლა თ. ბ. მისივე სახლში, ხოლო შემდეგ მონაწილეობდა გ. ბ-ის ჯგუფურ მკვლელობაში, სარწმუნოდ არის დადასტურებული საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით. გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ბ-მ თ. ბ-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან დაზარალებულს მძიმე, მრავლობითი დაზიანებები _ ჭრილობების სახით ჯერ ნაჯახის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა, ხოლო ამის შემდეგ, აღნიშნული მკვლელობის ბოლომდე მიყვანამდე, თ. ბ-ს კიდევ მძიმე დაზიანებები მიაყენა დანის რამდენჯერმე დარტყმით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. ბ-სათვის მიყენებული ყველა დაზიანება _ ჭრილობების სახით სიცოცხლისდროინდელია. ასეთ პირობებში არ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქმედების ჩადენისას ბ. ბ. ვერ აცნობიერებდა იმ ტანჯვას, რასაც განიცდიდა დაზარალებული თ. ბ. მისთვის მრავლობითი დაზიანებების მიყენებისას.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია მისცა ბ. ბ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას იმ თვალსაზრისით, რომ, საბრალდებო დასკვნით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ბ. ბ-ის ქმედებასთან მიმართებით არც ერთ სასამართლოს არ შეუცვლია, არ არსებობს რაიმე საფუძველი დასკვნისათვის, რომ დანაშაულის ჩადენისას ბ. ბ. მოქმედებდა ორი პირის მოკვლის ერთიანი განზრახვით, რასაც აუცილებლად ითხოვს კანონი ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როდესაც თავის განაჩენში ბ. ბ-ს ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და იმავდროულად მისი მსჯავრდებიდან ამორიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე (განზრახი მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის), ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ არაერთგზის ჩადენილი განზრახი მკვლელობა. ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლო აშკარად გასცდა საბრალდებო დასკვნაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფარგლებს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვით საბრალდებო დასკვნაშიც დაშვებულია შეცდომა, რის შედეგადაც ბ. ბ-ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა ერთდროულად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ს. მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც განაჩენის შეცვლის საფუძველია, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტისა და 564-ე მუხლის «ა», «ბ» ქვეპუნქტებისა, კერძოდ: ბ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე.
ამავე დროს, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ბ-სათვის უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე, რადგან, როგორც დანაშაულის ჩადენის გარემოებები და მისი შედეგების სიმძიმე, ასევე ამ პიროვნების წარსული და მისი მახასიათებელი მონაცემები არ იძლევა საამისო საფუძველს _ ერთდროულად სამი დამამძიმებელი გარემოების არსებობა და წინა ნასამართლობის დროს დანაშაულის განმეორებით ჩადენა ადასტურებს ბ. ბ-ს მომეტებულ საშიშროებას, რაც აუცილებელს ხდის საზოგადოებისგან მის მუდმივ იზოლაციას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ლ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში გასცდა საბრალდებო დასკვნაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფარგლებს, კერძოდ: საბრალდებო დასკვნით დ. ლ-ს ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენა (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი) ბრალად შეერაცხა თ. ბ-ს განზრახ მკვლელობის ეპიზოდში, რომელშიც ის სასამართლომ გაამართლა და მოუხსნა ბრალდების ეს ნაწილი, ხოლო იგივე საბრალდებო დასკვნა დ. ლ-ს ბრალად არ უყენებს გ. ბ-ს განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას, რის გამოც სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, დ. ლ-ი ბრალეულად ეცნო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. ლ-ს ქმედების კვალიფიკაციისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველია.
განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, დ. ლ-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა; შესაბამისად, მას სასჯელის ზომა უნდა განესაზღვროს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) სანქციით განსაზღვრულ ფარგლებში. საკასაციო პალატას მიაჩნია: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული დ. ლ-ი პირველად არის სამართალში, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულების _ ბ. ბ-ისა და დ. ლ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ბ. ბ-ს, დ. ლ-სა და მათი დამცველების _ ვ. ხ-სა და კ. წ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ დ. ლ-ს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; იმავე განაჩენში ბ. ბ-ს ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.