შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 09.10.2008
საქმის ნომერი
2კ-542აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.10.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹542აპ ქ. თბილისი

9 ოქტომბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ის დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ე. ს. , _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე იმავე განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. ს-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ე. ს-ის დამცველი, ადვოკატი მ. შ. საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის დამატებითი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ ე. ს-ის ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ე. ს-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი დამცველის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების სრული დაცვით, დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ე. ს-მა ნამდვილად ჩაიდინა სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

ამავე დროს დგინდება, რომ საქმეში არსებული მოწმობის, საიდენტიფიკაციო კოდი .. .. .., თანახმად, ე. ს. მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს მიერ მის მიმართ დანიშნული დამატებითი სასჯელის _ ჯარიმის მოხდისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ და ე. ს. გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით დანიშნული ჯარიმის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ს-ის დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული ე. ს. , როგორც სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელი, გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით დანიშნული ჯარიმის გადახდისაგან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.