ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 09.12.2008
საქმის ნომერი
2კ-592აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.12.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹592აპ 9 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. გ., _ დაბადებული .......წელს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, ცოლშვილიანი, ამჟამად პატიმარი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის (2004 წლის 22 ნოემბრის რედაქცია) საფუძველზე და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ´”ამინისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, გ. გ. მთლიანად გათავისუფლდა მისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისგან.

განაჩენით გ. გ-ს მსჯავრი დაედო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 22 ნოემბერს, გ. გ., თავისი კუთვნილი “მერსედესის” მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ......, ნათესავთან _ ი. ჩ-თან ერთად, ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშადან ბრუნდებოდა ქალაქ თბილისში. გორის რაიონის სოფელ ახალშენის ტერიტორიაზე, გ. გ-მ, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან აქციზური მარკის გარეშე უკანონოდ შეიძინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 3260 კოლოფი სიგარეტი “ტროიკა” და 610 (ექვსას ათი) კოლოფი სიგარეტი “ნოვოსტი”, 2709 (ორი ათას შვიდას ცხრა) ლარის საერთო ღირებულებით, რომლის ნაწილი მან მოათავსა ავტომანქანის საბარგულში, ნაწილი კი ავტომანქანის სალონში. გ. გ-მ აღნიშნული სიგარეტები გადაზიდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, რა დროსაც იგი დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკთა მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გ. გ-ს კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული იქნა 3260 (სამი ათას ორას სამოცი) კოლოფი სიგარეტი “ტროიკა” და 610 (ექვსას ათი) კოლოფი სიგარეტი “ნოვოსტი”, რაც გ. გ-მ უკანონოდ გადაზიდა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მა. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გ. გ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. გ-ს დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი, საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-მა. იგი თავისი საკსაციო საჩივრით ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, იმ მოტივით რომ იგი არის უკანონო და დაუსაბუთებლი. კასატორი ასევე ითხოვს გ. გ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და გ. გ-ს გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს, რადგან იგი არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობას. მართალია, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ქმედების ჩადენისას აქციზური მარკის გარეშე გადაზიდული აქციზური საქონელი დიდ ოდენობად ითვლებოდა, თუ მისი ღირებულება აღემატებოდა 2000 ლარს, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლში 2005 წლის 30 ივნისის კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად ზემოხსენებული დიდი ოდენობის ქვედა ზღვრად განისაზღვრა 5000 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ძის ქმედება აღარ ითვლება ჩადენილად დიდი ოდენობით. აღნიშნული გარემოების გამო მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რეადქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია),, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის სანქცია შეიცვალა და სასჯელი გამკაცრდა, ამიტომ გ. გ-ს ქმედების კვალიფიკაცია, რომელიც მოცემულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, უნდა დარჩეს უცვლელად.

კანონის ასეთი განმარტება არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილ პრინციპებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განხილულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 564-ე მუხლის “ა”, “ბ” ქვეპუნქტების თანახმად განაჩენის შეცვლის საფუძველია.

ამავე დროს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე და არა განაჩენის გამოტანამდე, როგორც კასატორი მიუთითებს. მსჯავრდებულმა გ. გ-მ ქმედება ჩაიდინა 2004 წლის 22 ნოემბერს, ხოლო იგი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს 2006 წლის 13 ნოემბერს, ე.ი. აღნიშნული ქმედების ხანდაზმულობისათვის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ორწლიანი ვადის ამოწურვამდე, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ხანდაზმულობაზე საუბარი უსაფუძვლოა.

საქმეში არსებული მასალებით უდავოდ არის დადასტურებული მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. იმის გათვალისწინებით, რომ გივი გაჩეჩილაძე პირველად არის სამართალში, ხოლო მისი პიროვნება ხასიათდება დადებითად, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო მას ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის მოხდისგან იგი უნდა გათავისუფლდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე.

ზემოაღნიშუნლი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ გ. გ-ს სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის პირველ ნაწილზე (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელის მოხდისგან.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.