გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
760აპ. ქ. თბილისი
12 იანვარი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ნ. ს-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. ს-მა ეჭვიანობის ნიადაგზე განიზრახა თავისი ნაცნობის _ ო. გ-ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში _ განსაკუთრებული სისასტიკით. 2007 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 01.30 საათზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ნ. ს-ლი მივიდა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ...... ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ შპს „......», სადაც ო. გ-ი მუშაობდა ღამის დარაჯად. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან თავისი საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე თბილისში, ...... ქ. ¹49-ში, პოლიეთილენის ნახევარლიტრიანი ბოთლით წაიღო ბენზინი. მიზნად ისახავდა რა ო. გ-სათვის სიცოცხლის მოსპობას განსაკუთრებული ტანჯვის მიყენებით, ცოცხლად დაწვით, ნ. ს-მა სხეულზე შეასხა მას ბენზინი და ასანთით წაუკიდა ცეცხლი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ო. გ-ლი გადაიყვანეს თერმოდაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, სადაც იგი მიღებული დაზიანებების შედეგად 2007 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედებისათვის ნ. ს-ს მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 ივლისიდან. დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ო. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 ათასი ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა დ. ა-მა. მან ითხოვა ნ. ს-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, ასევე _ განაჩენის გაუქმება სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული ნ. ს-ი და მისი ადვოკატი დ. ა-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით; ვერც ბრალდებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადასტურა, რომ ნ. ს-მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული; განაჩენი დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 6 ივნისს ბენზინგასამართი სადგურის საოპერატოროში ნ. ს-სა და ო. გ-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომლის შედეგად ორივემ მიიღო დამწვრობა; ო. გ-ი გარდაიცვალა; როდესაც ბენზინი აალდა, ნ. ს-მა სცადა, დახმარებოდა ო. გ-ს, რა დროსაც თვითონ მასაც მოეკიდა ცეცხლი, რასაც ადასტურებს სამედიცინო დასკვნაც; ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას, ამიტომ დაცვის მხარე სრულიად სამართლიანად ითხოვდა ნ. ს-ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ექსპერტიზის დასკვნით, შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის გაჩენის წყაროს დადგენა; ასევე ვერ აღმოაჩინეს რაიმე საგანი, რაც დაადასტურებდა ცეცხლის განზრახ მოკიდებას; სამედიცინო ექსპერტ გ. მ-ძის ჩვენებით, ო. გ-ი დამწვრობის შედეგად იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში და პერიოდულად იყო არაადეკვატური, რაც გამორიცხავს, რომ მისი ნალაპარაკევი არ შეესაბამებოდა რეალურად მომხდარ ფაქტს.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-მა გამოავლინა ულმობელი სისასტიკე და მას შეგნებული ჰქონდა, რომ თავისი მოქმედებით უდიდეს ტანჯვასა და ტკივილს აყენებდა ო. გ-ს, რაც არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; ხანძრის გაჩენის შემდეგ ნ. ს-ი რომ ცდილობდა ო. გ-ის დახმარებას, ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ნ. ს-ი და ადვოკატი დ. ა-ი ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას, ნ. ს-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ასევე _ განაჩენის გაუქმებას სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის უფლებამონაცვლე ო. გ-ის, მოწმეების _ ა. ქ-ძის, ა. ქ-ძის, სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნებით უდავოდ დადასტურებულია და Eეჭვს არ იწვევს, რომ ნ. ს-მა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ო. გ-ლი.
კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, თითქოს დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და სხვა პირთა ჩვენებებით არ ირკვევა, რამ გამოიწვია აალება.
ო. გ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ თავისმა აწ გარდაცვლილმა ძმამ უთხრა: ნ. ს-მა ,,ბენზინი შემომასხა და დამწვაო".
მოწმე ა. ქ-ძემ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას აღნიშნა, რომ მომხდარისთანავე ტელეფონით ესაუბრა ო. გ.ს, რომელმაც უთხრა _ ვიწვი, ნ. ს.მა ჯერ ბოთლით ბენზინი შემასხა, შემდეგ კი ასანთით ცეცხლი წამიკიდაო.
სასამართლოში დაიკითხა ექსპერტი დ. ხ.-ი, რომელმაც გამორიცხა ელექტრო-ტექნიკური მიზეზით აალება.
მსჯავრდებულის მეუღლისა და თავად ნ. ს-ის ჩვენებებიდან უდავოდ გამომდინარეობს, რომ დანაშაული ჩადენილია ეჭვიანობის ნიადაგზე.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, კერძოდ:
დაზარალებულის უფლებამონაცვლე სამოქალაქო სარჩელით ითხოვდა 10 ათას ლარს, თუმცა საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვდა ამ თანხას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო სარჩელი საფუძვლიანი იყო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განიცადა მძიმე მორალური და მატერიალური ზიანი.
სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენიდან სწორად ამორიცხა მითითება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა დაკისრებული თანხის ოდენობა უცვლელად დატოვა. გასაჩივრებულ განაჩენში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო სარჩელი ო. გ-ის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მოტივით საფუძვლიანია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება ო. გ-ის მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტი და მსჯავრდებულისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა არ არის დასაბუთებული, მით უფრო, რომ გაურკვეველია დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია ზიანის სახესთან დაკავშირებით. სამოქალაქო სარჩელი ნაწილში გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და შეუძლებელია მისი კანონიერების შემოწმება. ამიტომ, საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. ს.ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განაჩენი ნ. ს-ის მიმართ გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.