შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.04.2009
საქმის ნომერი
2კ-1003აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1003აპ_08 3 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის ადვოკატის – ა. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განაჩენით ნ. შ-ძე, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, შვილებიანი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ..... ¹58 კორპუსის ბინა ¹27-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელის იხდის 2007 წლის 27 დეკემბრიდან.

განაჩენით ნ. შ-ძეს მსჯავრი დაედო Aშემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

2007 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ქალაქ თბილისში, მეტროს სადგურ „დელისთან“, ნ. შ-ძე შეხვდა თავის მეუღლე ქ. კ-ს და გაემართნენ საცხოვრებელი სახლისაკენ. სახლში მისვლის შემდეგ ნ. შ-ძემ გადაწყვიტა, შეემოწმებინა მასზე გაფორმებული, გლუვლულიანი სანადირო თოფის „იჟექტორი“, რა დროსაც ხელი მოუხვდა სასხლეტზე. მოხდა გასროლა და რადგან ლულა შემთხვევით მიმართული იყო მისი მეუღლის _ ქ. კ-საკენ, მან მარცხენა მხართან მიიღო დაზიანება, რის გამოც იგი გადაიყვანეს ქალაქ თბილისის ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში. მიუხედავად კვალიფიციური დახმარებისა, ქ. კ-ლი იმავე დღეს გარდაიცვალა, ნ. შ-ძე კი ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ-მა. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას იმ მოტივით, რომ მოსამართლემ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა აღნიშნული მუხლის მოთხოვნა, კერძოდ ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და მსჯავრდებულ ნ. შ-ძეს არ განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის სამი მეოთხედი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. შ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ნ. შ-ძის ადვოკატმა ა. ჩ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა აღნიშნა, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ითხოვა ნ. შ-სათვის დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით, ან ალტერნატივის სახით – სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ. შ-ძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არც მხარეები ხდიან სადავოდ. რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. შ-იძე სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შუწყო სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, აღიარა და მოინანია ჩანადენი, რასაც თვით ბრალდების მხარეც ადასტურებს საბრალდებო დასკვნაში. მან პირველი ინსტანციის სასამართლოშიც თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად: „თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს“.

პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ შ. კ-ის _ ქ. კ-ის მამის ჩვენებით, მოწმეების: დ. შ-ის, ს. შ-ის, ვ. შ-ის, ზ. წ-ის, ა. ქ-ისა და თ. Gგ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღების, პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის, ნივთიერ მტკიცებულებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და ბრალის აღიარებით გამოცხადების ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზის ¹24/ბ ექსპერტიზის, ქიმიური ექსპერტიზის ¹რან/41, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹17/13/33 დასკვნებით ნ. შ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ნ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ნ. შ-სათვის დანიშნული სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლის შესახებ, უსაფუძვლობის გამო, მაგრამ პალატა იზიარებს ადვოკატის ალტერნატიულ მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, და იქიდან გამომდინარე, რომ: ნ. შ-ძე პირველადაა სამართალში, აღიარა და მოინანია დანაშაული, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულ შ. კ-ის _ ქ. კ-ის მამის გადმოცემით, მის სიძესა და ქალიშვილს მოსიყვარულე და თბილი ოჯახი ჰქონდათ, მსჯავრდებულის მეზობლებისა და ახლობლების: დ. შ-ის, ს. შ-ის, ვ. შ-ის, ზ. წ-სა და ქ. კ-ის მეგობრების _ ა. ქ-ის, თ. გ-ის დადებითი დახასიათებებითა და ჩვენებებით, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ნ. შ-ძესა და მის მეუღლე ქ. კ-ს უყვარდათ ერთმანეთი და მათი კონფლიქტის შესახებ არასოდეს სმენიათ, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენებით შეფარდებული აქვს სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის სამი მეოთხედის მაქსიმუმი, საკასაციო პალატა შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ძეს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 6 თვით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენი ნ. შ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ნ. შ-ის ადვოკატის – ა. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ნ. შ-ეს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 6 თვით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.