განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 05.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1196აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1196აპ ქ. თბილისი

5 მარტი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ა. ბ-ს და ნ. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ა. ბ, _ დაბადებული .. .. .. წლის .. აგვისტოს და ნ. კ-ძე, დაბადებული .. .. .. წლის .. აგვისტოს, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინეს თაღლითობა, რამაც მნიშვნელივანი ზიანი გამოიწვია და დიდი ოდენობით, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:

ა. ბ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. კ-სთან და მათ, შექმნეს რა პირთა ჯგუფი, გადაწყვიტეს მოქალაქეების ფულადი თანხების დაუფლება თაღლითურად.

2004 წლის 22 მარტს ნ. კ. იყოფებოდა ქ. თბილისში, ე.წ. «მშრალი ხიდი»-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამაკლერო ბირჟაზე, სადაც თითქოსდა აპირებდა ....... ქ. ¹29-ში მდებარე თავისი ოროთახიანი ბინის დაგირავებას. ნ. კ. ამის შესახებ შეუთანხმდა ნ. ლ-ს, რომელსაც უთხრა, რომ ბინის იპოთეკით დატვირთვას სჭირდებოდა დიდძალი თანხა და შესთავაზა სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც ნ. ლ. დასთანხმდა. იმავე დღეს ნ. კ-მ და ა. ბ-მ, ამ უკანასკნელის ავტომანქანით მიიყვანეს ნ. ლ. სანოტარო ბიუროში, სადაც გააფორმეს სესხის ხელშეკრულება და მიიღეს 2500 აშშ დოლარი.

ამის მიუხედავად, ნ. ლ-მ ვერ შეძლო ბინაში შესვლა, რადგან ა. ბ. და ნ. კ. ამის საშუალებას სხვადასხვა მიზეზით არ აძლევდნენ. 2004 წლის 6 ოქტომბერს ეს ბინა ნ. კ. გაასხვისა რ. ნ-ზე, ხოლო ნ. ლ-საგან მიღებული თანხა მიითვისა.

2005 წლის 12 ივლისს ა. ბ. იმყოფებოდა ე.წ. «მშრალი ხიდის» სამაკლერო ბირჟაზე, სადაც გაიცნო ნ. კ. და დაჰპირდა, რომ მიაგირავებდა ნ. კ-ს ბინას, ...... ქ. ¹18-ში. ამ შემთხვევაშიც ნ. კ-მ დაარწმუნა ნ. კ, რომ ბინის ოფიციალური გაფორმება მოითხოვდა დროსა და დიდძალ თანხას, რის გამოც მოწმეების თანდასწრებით დაუდო ხელწერილი თანხის მიღებისა და ბინის გადაცემის შესახებ. თავიანთი მოქმედებით ა. ბ-მ და ნ. კ-მ მოიპოვეს ნ. კ-ს ნდობა და თაღლითურად დაეუფლნენ მის 8150 აშშ დოლარს. რაც შეეხება ...... ქ. ¹18-ში მდებარე ბინას, იგი 2005 წლის 26 აგვისტოს იპოთეკით დაიტვირთა მ. D-ს სასარგებლოდ, ხოლო ნ. კ-ს თანხა ა. ბ-მა და ნ. კ-მ მიითვისეს და დაზარალებულს მიაყენეს 8150 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.

2004 წლის დეკემბერში, ს-ის ქ. ¹18-ში ა. ბ. შეხვდა მის მიერ ე.წ. «მშრალ ხიდზე» გაცნობილ მ. ტ-ს, რომელსაც სურდა ბინის გირავნობა. ნ. კ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ა. ბ, მ. თ-ს დაჰპირდა, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთავდა ........ ქ. ¹18-ში მდებარე რამოდენიმე ოთახს. მ. ტ-მ ა. ბ-ს გადასცა 4500 აშშ დოლარი, რის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ა. ბ-სა და ნ. კ-საგან მის მიერ დაგირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ სხვა პირები. ამის გამო მ. ტ-მ გარიგება ბათილად ჩათვალა და მოითხოვა თანხის დაბრუნება. ა. ბ-მ და მისმა თანამზრახველმა მ. ტ-ს დაუბრუნეს 2900 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა _ 1600 აშშ დოლარი მიითვისეს და დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამასთან, ს-ის ქ. ¹..-ში მდებარე ბინა 2004 წლის 08 ნოემბერს იპოთეკით დაიტვირთა ნ. ზ-ის სასარგებლოდ.

2005 წლის 11 აგვისტოს, ს-ის ქ. ¹18-ში ა. ბ. შეხვდა მის მიერ ე.წ. «მშრალ ხიდზე» გაცნობილ ნ. მ-ს, რომელსაც სურდა ბინის გირავნობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, თანამზრახველთან ნ. კ-სთნ წინასწარი შეთანხმებით, ა. ბ, ნ. მ-ს დაჰპირდა, რომ 2500 აშშ დოლარად, ორი წლით მიაგირავებდა ს-ის ქ. ¹18-ში მდებარე ერთ ოთახს, რაზეც მოწმეების თანდასწრებით ნ. კ-მ დაზარალებულს დაუდო ხელწერილი თანხის მიღების შესახებ. ა. ბ-მ და ნ. კ-მ მოიპოვეს ნ. მ-ს ნდობა და იმავე დღეს მიიღეს 2500 აშშ დოლარი. აღნიშნული ბინა კი 2004 წლის 8 ნოემბრიდან იპოთეკით იყო დატვირთული ნ. ზ-ს სასარგებლოდ.

2006 წლის 10 ივლისს ნ. კ. იმყოფებოდა ე.წ. «მშრალ ხიდზე», სადაც გაიცნო გ. შ. ამ უკანასკნელს ნ. კ-მ განუცხადა, რომ თბილისში, ს-ის ქუჩა ¹..-ში აგირავებდა ოთახს და მიიყვანა ხსენებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ა. ბ. ეს უკანასკნელი გ. შ-ს დაჰპირდა, რომ 3000 აშშ დოლარად, ერთი წლით მიაგირავებდა ს-ის ქ. ¹..-ში მდებარე ერთ ოთახს. ა. ბ-მ და ნ. კ-მ ნოტარიალურად დაამტკიცეს სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარზე და გ. შ-ს განუცხადეს, რომ შეეძლო ბინაში შესვლა, თუმცა აღნიშნული ბინა უკვე იპოთეკით იყო დატვირთული ნ. ზ-ს სასარგებლოდ.

ა. ბ. და ნ. კ. იმყოფებოდნენ ორთაჭალის ავტოსადგურში მდებარე ტურისტულ სააგენტოში, სადაც გაიცნეს ლ. ქ, რომელსაც სურდა იტალიაში გამგზავრება. ამ უკანასკნელს დაჰპირდნენ, რომ უპრობლემოდ გაამგზავრებდნენ იტალიაში და სანაცვლოდ მოსთხოვეს 3500 აშშ დოლარი. ა. ბ-მ და ნ. კ-მ მოიპოვეს ლ. ქ-ს ნდობა, ხშირად ურეკავდნენ მას და ეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე იტალიაში მიემგზავრებოდა ჯგუფი და თუ სურვილი ჰქონდა, მისულიყო მათ ოფისში, რომელიც თითქოსდა მდებარეობდა ს-ის ქ. ¹..-ში და მიეტანა თანხა. 2006 წლის აპრილში ლ. ქ. მივიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც ა. ბ-ს და ნ. კ-ს გადასცა 3000 აშშ დოლარი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დარჩენილი 500 აშშ დოლარიც. ა. ბ-მ და ნ. კ-მ დანაპირები არ შეასრულეს და მიღებული თანხა თაღლითურად მიითვისეს, რითიც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. ბ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ა. ბ-ს ჩათვლილი ჰქონდა პირობით და განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი სასჯელი ჩაეთვალა პირობით, იმავე ვადით. ა. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 05 აგვისტოდან.

ნ. კ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 02 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ბ-მ და ნ. კ-მ და მოითხოვეს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივლისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ა. ბ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლომ არ გაითვალისწინა სხვადასხვა მტკიცებულებები და მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების გამო დასდო ბრალი, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენია.

ა. ბ. მოითხოვს მის მიმართ საქმის შეწყვეტას.

კასატორი _ ნ. კ. თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, უნდა გაუქმდეს, რადგან არასწორად შეფასდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

ს ამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, რადგან ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებებს, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ის გარემოება, რომ იპოთეკით დატვირთული ბინის კვლავ იპოთეკით დატვირთვის პირობით მსჯავრდებულები დაეუფლნენ არაერთი პირის თანხას, ნათლად მეტყველებს მათ განზრახვაზე.

უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ა. ბ-ს მითითება, თითქოს არაფერი იცოდა ნ. კ-ს მიერ ბინის თაობაზე დადებული ხელწერილების შესახებ და მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო. საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას დაკითხული დაზარალებულების თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებებით უდავოდ დადგენილია, რომ ა. ბ. და ნ. კ. ერთობლივად, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ.

მსჯავრდებულთა პიროვნების და მათ მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ა. ბ-სა და ნ. კ-ს დანიშნული აქვთ სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.

ამასთან, ორივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს დაზარალებულ მ. ტ-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 1600 აშშ დოლარის გადახდა იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი სასამართლოში, როგორც სამოქალაქო მოსარჩელე, ითხოვდა 1100 აშშ დოლარის ანაზღაურებას (ტ. 3, ს.ფ. 41).

მ. ტ-ს აღნიშნული პოზიციიდან გამომდინარე, მის სასარგებლოდ მსჯავრდებულებისათვის გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი, როგორც კანონიერი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ა. ბ-სა და ნ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: ა. ბ-სა და ნ. კ-ს სამოქალაქო მოსარჩელე მ. ტ-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 1100 (ათასასი), ნ. კ-ს სასარგებლოდ 8150 (რვაათასასორმოცდაათი), ლ. ქ-ს სასარგებლოდ 3500 (სამიათასხუთასი), ნ. ლ.ს სასარგებლოდ 2500 (ორიათასხუთასი), ლ. ე-ს სასარგებლოდ 1500 (ათასხუთასი), ნ. მ-ს სასარგებლოდ 2500 (ორიათასხუთასი), ხოლო გ. შ-ს სასარგებლოდ 3000 (სამიათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.