შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 17.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1416აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1416-აპ 17 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით ნ. ქ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარი.

ნ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 დეკემბრიდან.Kმასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა რუსეთის ფედერაციაში დაკავების ვადა _ 2007 წლის 18 ივლისიდან 2007 წლის 14 დეკემბრამდე.

მოიხსნა ყადაღა ნ. ქ-ის საცხოვრებელ მისამართზე გამოგზავნილ საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციებზე.

განაჩენის მიხედვით, ნ. ქ-ის დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

1998 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე, ნ. ქ. მივიდა თავის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მას თან ახლდა თავისი თანასოფლელი ე. მ. მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი _ არაყი, რის შემდეგ ე. მ. წავიდა, ხოლო ნ. ქ. დარჩა თავის საცხოვრებელ ბინაში. იმყოფებოდა რა მთვრალი მან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო თავის მეუღლეს _ ნ. ჩ-ს. რომელსაც ბრალს სდებდა ცოლქმრულ ღალატში. ნ. ქ-ის დამშვიდება მოახერხეს მისმა შვილებმა _ ბ. და თ. ქ-მა, რომლებმაც იგი დააწვინეს საწოლში. დაახლოებით სამ საათზე, ნ. ქ. წამოდგა საწოლიდან და განიზრახა, სხეულის დაზიანება მიეყენებინა თავისი მეუღლისათვის. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან აიღო ნაჯახი და მივიდა საძინებელ ოთახთან, ნ. ჩ. მიუხვდა თავის მეუღლეს განზრახვას და სცადა გაქცევა, თუმცა ნ. ქ. ქუჩაში დაეწია მას და ნაჯახის ყუის თავში ჩარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ნ. ქ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ს. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: ნ. ქ-ის მიმართ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და დაკისრებული ჯარიმის მოხსნას იმ მოტივით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებული ნ. ქ. არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს ზიანი მთლიანად აუნაზღაურა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია; დანაშაული, რომელიც მის მიერ იყო ჩადენილი, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და შვილები, ხოლო თავად დაზარალებული არის მისი მეუღლე; მსჯავრდებულმა დაკავების მომენტიდან მთლიანად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური სასჯელის დანიშვნა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 3 000 ლარის ოდენობით დაკისრება არის უკანონობა, რადგან აღნიშნულს არ ითვალისწინებდა საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ ნ. ჩ-ა და მოწმეების _ დ. ო-ის, ე. მ-ის, დ. ქ-ის, ბ. თ. და დ. ქ-ების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹..... დასკვნით უდავოდ დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ნ. ქ-მა ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან რვა წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ის წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით შეიცვალა ამ დანაშაულის კატეგორია და, შესაბამისად, შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: «სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილის სახით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილთან, საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილის (ძველი რედაქცია) სანქციის მინიმუმის გათვალისწინებით.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილის (ძველი რედაქცია) სანქცია, სასჯელის სახით ჯარიმას არ ითვალისწინებდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ძველი რედაქცია არ აკეთებდა დათქმას დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. ქ-ს უნდა მოეხსნას დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა _ 3000 ლარი.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა ზემოაღნიშნულს, საკასაციო პალატის სახელზე წარმოდგენილ დაზარალებულ ნ. ჩ-ის განცხადებას, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული არის მისი მეუღლე, რომელთანაც დიდი ხანია შერიგებულია და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, ასევე, მსჯავრდებულ ნ. ქ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მიყენებული ზიანი მთლიანად აანაზღაურა, თვლის, რომ მსჯავრდებულ ნ. ქ-ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1 წლითა და 6 თვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ნ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნაწილის სახით (ძვ. რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის I ნაწილთან. ნ. ქ-ს მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყოს 2007 წლის 14 დეკემბრიდან.

მსჯავრდებულ ნ. ქ-ს მოეხსნას დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.