შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 27.02.2008
საქმის ნომერი
185საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

185/საზ 27 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენით ა. მ-ი, _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით, 150-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 8 წლით, 157-ე მუხლის II ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის I, IV, VII პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) _ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა.

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილებით ა. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის II, III და 157-ე მუხლის II ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპით, ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულების თანახმად, მსჯავრდებული ა. მ-ი შეწყალებულ იქნა და განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 1995 წლის 13 დეკემბრიდან.

მსჯავრდებული ა. მ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით სიკვდილით დასჯა არასწორად შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან, პალატის აზრით, განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის I, IV, VII პუნქტების საფუძველზე (1960 წლის რედაქცია) შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო ა. მ-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ანგარებით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” და „ა“ ქვეპუნქტები სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ამრიგად, ა. მ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, რამდენჯერმე შეიცვალა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას და რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. მ-ს სასჯელი _ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება დაენიშნოს 15 წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 14 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ და ა. მ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.