დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹77საზ ქ. თბილისი
9 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თიანეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 19 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თიანეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ჯ. ბ., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 105-ე მუხლით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 1 ივნისიდან.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ჯ. ბ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე.
მსჯავრდებული ჯ. ბ. საჩივარში აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში ბრალის აღიარებით. მოქმედი კანონმდებლობით კი ასეთ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. აღნინულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს დანიშნული სასჯელი შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა პირადი საქმის მასალები, გაანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნის წესს, რომელზეც მიუთითებს მსჯავრდებული, ითვალისწინებს სსკ-ის 54-ე მუხლი, რომლის მიხედვით პირს არ შეიძლება დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედზე მეტი, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ჯ. ბ-ს ჰქონდა დამამძიმებელი გარემოებები, იგი ნასამართლევი იყო და ხასიათდებოდა უარყოფითად, ხოლო დანაშაულის მონანიება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მიზნად ისახავდა მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თიანეთის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 19 აგვისტოს განაჩენი ჯ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.