შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
8/საზ-09 ქ. თბილისი
22 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აბაშის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აბაშის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით – 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოხდით. მას ჩაეთვალა შინაპატიმრობაში ყოფნის დრო _ 2003 წლის 14 მაისიდან 2003 წლის 25 ოქტომბრამდე, კერძოდ, მიმალვამდე _ 5 თვე და 1 დღე, ასევე მისი დაკავების დღიდან _ 2004 წლის 19 მაისიდან _ 5 თვე და 28 დღე,E რაც შეადგენს 11 თვესა და 9 დღეს.
მ. ლ-ს 2004 წლის 17 ნოემბრიდან საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 6 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. ლ-ს დანიშნული სასჯელის მოხდა, ნაცვლად საპყრობილისა, განესაზღვრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენით მ. ლ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
მსჯავრდებული მ. ლ-ია საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მ. ლ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ», «გ» ქვეპუნქტები (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა», «ბ» ქვეპუნქტებთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით,დაადგინა:
მსჯავრდებულ მ. ლ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ მ. ლ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჯამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.