საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
23/საზ-09 ქ. თბილისი
3 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით პ. გ-ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე არასწორად წარდგენილი ბრალდება და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 2 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.
დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილი დაზარალებულების _ გ. მ-ის, მ. თ-ის, მ. ა-ის, ნ. დ-ის სამოქალაქო სარჩელები და სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ პ. გ-ეს დაეკისრა ზიანის საკომპენსაციო თანხების გადახდა: დაზარალებულ გ. მ-ის სასარგებლოდ _ 1800 აშშ დოლარისა და 70 ლარის გადახდა, დაზარალებულ მ. თ-ის სასარგებლოდ _ 3 400 აშშ დოლარის გადახდა, დაზარალებულ მ. ა-ის სასარგებლოდ _ 1 400 აშშ დოლარის გადახდა, დაზარალებულ ნ. დ-ის სასარგებლოდ _ 1800 აშშ დოლარისა და 30 ლარის გადახდა.
ბ. ქ-ის, ნ. ჯ-ის, ო. ჯ-ისა და მ. ე-ის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივნისის განაჩენით პ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 27 ოქტომბრიდან.
მასვე სამოქალაქო მოსარჩელე ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 8 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებული პ. გ-ე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ პ. გ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ პ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.