შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹26-საზ-09 ქ. თბილისი
19 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის განაჩენით:
ვ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 2 დეკემბრიდან.
ვ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განსაკუთრებით შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 13 ოქტომბრიდან.
განაჩენით ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად.
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. პ-ი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, ამავე განაჩენში მის სასიკეთოდ ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ვ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ახალი კანონით იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და, შესაბამისად, ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ვ. ბ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ბ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ხოლო დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი სანქციის ფარგლებშია.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ვ. ჭ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით ვ. ჭ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ვ. ჭ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულების _ ვ. ბ-სა და ვ. ჭ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჯამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.