შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹35/საზ ქ. თბილისი
29 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
გ. ხ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი და ამ ნაწილში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 26 ოქტომბრიდან.
ბ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 26 ოქტომბრიდან.
განაჩენით გ. ხ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად.
მსჯავრდებული გ. ხ. საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით გ. ხ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი სანქციის ფარგლებშია.
პალატამ ასევე სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ბ. ლ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით ბ. ლ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ბ. ლ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი სანქციის ფარგლებშია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ხ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ გ. ხ-სა და ბ. ლ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.